“ტიროდა, ვოლიერთან იდგა და ადამიანივით მთხოვდა შველას” – ქუთაისელი ოპერატორი და მისი ცნობილი ძაღლების ისტორია

ქუთაისელმა ოპერატორმა ონისე მელქაძემ ძაღლების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობა რამდენიმე წელია დაიწყო. ცხოველებისადმი დიდი სიყვარულის ინსპირატორი მეგობრის მიერ ნაჩუქარი ძაღლი, სახელად “ბიმი” გახდა.

ამის შემდეგ, პროფესიით ოპერატორმა ძაღლი, რომელსაც მოგვიანებით “პინგო” დაარქვა, ცხოველთა თავშსაფრიდან, შვილებთან ერთად წამოიყვანა. “ბიმი”, “პინგო”, “ყურშა” და “დალმა” ონისეს ყოველდღიურობად იქცა, ძაღლებს უხდიან დაბადების დღეებს, ამბობს რომ მათი დაბადების თარიღი, სახლში მიყვანის დღიდან ითვლება.

ძაღლებს რომლებიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ქუთაისში და არა მარტო ქუთაისში, ყველა ცნობს. ონისეს მეგობრები ამბობენ რომ “ბიმის”, “პინგოს”, “ყურშას” და “დალმას” გაუმართლათ, რადგან თუ მათ გვერდით ყოფნაა საჭირო, ონისე ხშირ შემთხვევაში, სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად განსატვირთად წასვლას ვეღარ ახერხებს.

– ონისე, გასაგებია რომ მათ მიმართ ყველაზე დიდ ყურადღებას იჩენთ, ვისთან ერთად ცხოვრობთ და როგორი დამოკიდებულება აქვთ ოჯახის წევრებს შენი ერთგული მეგობრების მიმართ?

სახლში დედასთან ერთად ვცხოვრობდი, ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში “ბიმი” არ გამოჩნდა. დღეს უკვე ექვსნი ვართ და ჩემი ერთგული მეგობრებიც, ჩვენი ოჯახის წევრები არიან. თავიდან დედაჩემს გაუჭირდა მათთან შეგუება,რადგან ვერ წარმოედგინა როგორ უნდა იცხოვროს ძაღლმა სახლში ისე როგორც ჩვენ, მაგრამ როცა დაინახა რომ ისინი ძალიან ერთგულები, თბილები, ჭკვიანები არიან და შეუძლიათ თვალებით, ქცევით და ყურადღებით თავი შეგაყვარონ, დედაც შეეგუა. სხვათაშორის იმედენად რომ რამდენიმე დღის წინ როცა “ბიმის” დაბადების დღე გადავუხადეთ, დიდი წვლილი შეიტანა დედაჩემმა მაგიდის გაფორმებაში.

– ბიმი არის პირველი ძაღლი რომელიც, როგორც ვიცით მეგობარმა გაჩუქათ, ამის მერე რა მოხდა, როგორ აღმოჩნდნენ შენს ოჯახში, პინგო, ყურშა და დალმა?

ძაღლები განსაკუთრებულად ყოველთვის მიყვარდა, როცა ბიმი მაჩუქეს, ამის შემდეგ უკვე ყველა ძაღლის მიმართ დიდ ყურადღებას ვიჩენდი, არ მინდა თავის ქებაში ჩამეთვალოს მაგრამ ადამიანებმა ერთმანეთს მაგალითი უნდა მივცეთ, თუ სხვა დაგინახავს როგორ გამოკვებავ ქუჩაში მშიერ ძაღლს, აუცილებლად მასაც გაუჩნდება ამის სურვილი, ასე ბევრ ცხოველს და ჩვენს ერთგულ მეგობარს გადავარჩენთ. ცხოველთა თავშესაფარში როცა მივედი, პინგომ განსაკუთრებული ყრადღება მიიქცია, ტიროდა, ვოლიერთან იდგა და ადამიანივით მთხოვდა შველას, რა თქმა უნდა იქ ვერ დავტოვებდი, წამოვიყვანე სახლში, პინგოს შვილია “ყურშა” რომელიც ძალიან ჭკვიანი და საყვარელია. რაც შეეხება დალმას, ერთ დღესაც სახლთან დავინახე პატარა, უჭმელი, მოუვლელი თეთრი ლეკვი შავი კოპლებით, უკვე დედაჩემი მეუბნებოდა რომ ზედმეტი მომდიოდა, მაგრამ დღეს ოთხივე მისი მეგობარია. დალმაც ჩვენს ეზოში გაიზარდა.

-შენი მეგობრებისგან მსმენია რომ შენი ერთგული მეგობრები პირად ცხოვრებაში ხელს გიშლიან, ასეა?

არა, პირადი ცხოვრება არის პირადი და ამაში ხელს ისინი ვერ და არ შემიშლიან. ცხოვრება ამიტომაც არის საინტერესო და მრავალფეროვანი, გვაქვს პირადი და ღია სივრცეები.

– თუ აპირებთ ერთგული მეგობრების რაოდენობის გაზრდას?

ასე დაზუსტებით ვერ გეტყვით, ძაღლი რომელიც მოუვლელი და მშიერია თუ სახლში მომაკითხავს, გარეთ ვერ გავაგდებ. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა ძაღლები სახლში წამიყვანია და შემდეგ ჩემს მეგობრებს, ნათესავებს გამოუთქვამთ სურვილი და დღეს ისინი მათთან ცხოვრობენ. რამდენიმე ადამიანმა, დაბადების დღეს რომ გადავუხადე სოციალურ ქსელში დაწერა რომ ამ თანხით გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი, მათ კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ ყოველი კვირის ბოლოს მე და ჩემი მეგობრები, ემიგრანტების და ადგილობრივების დახმარებით, კეთილი ადამიანების მხარდაჭერით, ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით და მათაც შეუძლიათ შემოგვიერთდნენ.

ასეთია ქუთაისელი ოპერატორის ყოველდღიურობა, ბიმის, პინგოს, ყურშას და დალმას დილით აჭმევს, აცმევს, აწესრიგებს და სამსახურში ამის შემდეგ მიდის. ერთგულ მეგობრებს კი ისღა დარჩენიათ საღამომდე რუას ქუჩას უყურონ და დაელოდონ, მათზე უზომოდ შეყვარებულ პატრონს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად