ტიკარაძე: შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი – 4 000-ზე მეტი

ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„დღესდღეობით, შემთხვევათა ზრდის ორ მაგალითს განვიხილავთ. პირველ მაგალითზე ვდგავართ და კარგ შემთხვევაში ეს დინამიკა გაგრძელდება, მაგრამ განვიხილავთ ორ ცუდ მაგალითს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება, 9 მაისისთვის 2 000 დადასტურებული შემთხვევა გვქონდეს, ცუდ შემთხვევაში კი 4 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა. ეს არის ის ცუდი გამოსავლები, რომელიც არის მოსალოდნელი, თუ ყველა წესს თანმიმდევრულად და მაღალი ხარისხით არ დავიცავთ“, – განაცხადა ეკატერინე  ტიკარაძემ.

მისი თქმით, ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა.

„მე დავასახელე მხოლოდ ერთი რიცხვი. ესაა 9 მაისი და ამას ჩვენ ერთკომპონენტიან გათვლას ვეძახით, რაც. რა თქმა უნდა, დინამიკაში და დროის მონაცემებში შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ანუ, შეიძლება, იყოს 2 000-დან 3 000-მდე და იყოს 4 000-დან 5 000-მდე. აქედან გამომდინარე, ამ რიცხვს ასე თავისუფლად ნუ შევხედავთ, რომ ეს მხოლოდ 2 000-ია სამ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა და არა გათვლა დინამიკაში, რომელიც ბევრად უფრო დრამატულადაც შეიძლება, გამოიყურებოდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ სასუნთქ აპარატებზე, რომელიც ჩვენს პაციენტებს ესაჭიროება, შეუძლია, იმუშაოს მხოლოდ 448 ინფექციონისტმა და მათი გადათვლა ჯანდაცვის სისტემაში საკმაოდ რთულად ხდება, რადგან არსებობს საშტატო ერთეულები და არსებობს მორიგეობის გრაფიკები, როგორც ინფექციონისტთან, ასევე რეანიმატოლოგთან მიმართებაში. მათი დღის რეჟიმი საკმაოდ რთულია და ისინი 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას საჭიროებს ამ ადამიანების მხრიდან ის, რომ სამუშაო კვალიფიციურად შეასრულონ. ჩვენ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, რათა არ მოხდეს ისეთი კოლაფსი, როგორიც სხვა ქვეყნებში მოხდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, რა ვითარებაა ინფექციონისტების და რეანიმატოლოგების მობილიზების კუთხით, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არის მხოლოდ 256 ინფექციონისტი, 488 რეანიმატოლოგი და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამ აბსოლუტური რიცხვის ზრდა ვერანაირი ფინანსური ინვესტიციით ვერ მოხდება ისე, როგორც, მაგალითად, ეს შეიძლება, სასუნთქი აპარატების შესყიდვით და მათი რიცხოვნობის გაზრდით მოხდეს.

შეკითხვაზე, რა არის გეგმა „ბე“ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება და მოხდება თუ არა სხვა მიმართულების მედიკოსების, გადამზადებული ექიმების ჩართვა, თუ რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების დეფიციტის პრობლემა შეიქმნება, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეანიმატოლოგთა გადამზადების გეგმა არ არსებობს და ვერც იარსებებს.

„გეგმა ბე არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ინფექციონისტებს ეხმარებიან ჩვენი შინაგანი მედიცინის სპეციალისტები, თერაპევტები და ოჯახის ექიმები, რომელთა რიცხვიც გაცილებით მეტია და ის საიმედო გამოსავლები, რომლის იმედიც გვაქვს, არის შემდეგი – კოვიდინფექცია გარკვეული პროცენტული გადანაწილებით მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 80% მსუბუქად მიმდინარეობს და 20%-ში არის გადანაწილება საშუალო სიმძიმის და მძიმე პაციენტების. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს სისტემაში არ უნდა მოხდეს კოლაფსი და უნდა შევძლოთ ადამიანური რესურსის ეფექტური გადანაწილება, მაგრამ ეს ეფექტური გადანაწილებაც გარკვეული ზღვრული მაჩვენებლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა მითითება დაიცვან“, – განაცხადა ეკატერინე  ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად