ტიკარაძე: აპლიკაციით შეგვიძლია სოციალური დისტანცირება და პრევენცია 40%-მდე გაზარდოს

ასე პასუხობს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, “აიპრესის” კითხვას, COVID-19-ის კონტროლისთვის შექმნილი აპლიკაციის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე იტესტება.

“აპირესის” კითხვაზე: “როგორც ცნობილია, აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოშიც იტესტება. საინტერესოა, ყველასთვის იქნება თუ არა ამ აპლიკაციის გადმოწერა სავალდებულო? ამასთან, შეძლებს აპილიკაცია ყველა მობილურ მოწყობილობაზე, ტექნიკური უზრუნველყოფიდან გამომდინარე გამართულად იმუშაოს” მინისტრი პასუხობს:

” აღნიშნული აპლიკაცია გატესტილია რამდენიმე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ კორეაში აპლიკაციით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად იმართა კორონავირუსი, ვინაიდან იქ კონკრეტულად იყო გამოკვეთილი, ვინ იყვნენ საკონტაქტო პირები, რაც ადამიანებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი აერიდებინათ სარისკო კონტაქტებისგან, ასევე დროულად დაეფიქსირებინათ და მიემართათ ექიმისთვის თუ აპლიკაცია უჩვენებდა მათ საეჭვო კონტაქტთან ახლო რადიუსთან ყოფნას. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კოვიდთან ბრძოლას, ასევე გააგრძელებს აპლიკაციით. აპლიკაციაში ჩართვა და მისი გადმოტვირთვა, რა თქმა უნდა, იქნება ნებაყოფილობით.

მაგრამ ვინაიდან და რადგანაც კოვიდთან ბრძოლა დამოკიდებული და დამყარებულია ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეს სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მაღალი, რადგან პასუხს ვაგებთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენს მშობლებზე და შვილებზე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში საკუთარი ოჯახის წევრების და საკუთარ თავის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ჩვენი მოქალაქეების რა ნაწილს შეუძლია ჩაერთოს ამ აპლიკაციაში და შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40%-მდე. ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი იმისთვის, რომ აღვკვეთოთ კოვიდის გავრცელება საქართველოში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად