ტიბორ ნავრაჩიჩი: ქართველები ძალიან ინოვაციური, კრეატიული, შემოქმედებითი და ნიჭიერი ხალხია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასპინძლობს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ევროკომისარმა ტიბორ ნავრაჩიჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია – „ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით“ გახსნეს. კონფერენციას ესწრებოდნენ კულტურისა და განათლების სფეროს ექსპერტები, მკვლევრები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, აგრეთვე, სხვა დაინტერესებული პირები.

ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი „ფაბრიკაში“ გამართულ „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობას – 2019“ დაესწრო, სადაც ევროკავშირის პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებულმა ყველა ქართველმა ბენეფიციარმა საკუთარი ორგანიზაცია და პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები წარმოადგინა. ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს. საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს ტიბორ ნავრაჩიჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

„ჩემი სამუშაო ითვალისწინებს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებიც ჯერ არ არიან, თუმცა აქვთ სურვილი და მისწრაფება გახდნენ ევროკავშირის წევრი. ამ თვალსაზრისით ერასმუსისა და შემოქმედებითი ევროპის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა გავიცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და გავიზიაროთ მათი გამოცდილება. დღეს გამართული კონფერენცია სწორედ ევროპულ, ქართულ ღირებულებებს ეხებოდა, რითაც ძალიან კარგი საფუძველი ექმნება განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას. რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, დღეს რაც აქ ვნახე, შემიძლია გითხრათ, რომ ქართველები ძალიან ინოვაციური, კრეატიული, შემოქმედებითი და ნიჭიერი ხალხია. ძალიან მომეწონა აქ წარმოდგენილი პროექტები და, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დიდ წვლილს შეიტანს ევროპული კულტურის გამდიდრების საქმეში,“ – ტიბორ ნავრაჩიჩი – ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში.

„შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა – 2019“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით გაიმართა. ბაზრობაზე წარმოდგენილები იყვნენ: თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი; კინოფესტივალი CinéDOC; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; Sofa – კინოაგენტების სკოლა; გამომცემლობა აგორა; გამომცემლობა ელფი; თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA; თბილისის არქიტექტურის ბიენალე; საქართველოს მუზეუმების ასოციაცია; საქართველოს კარიტასი; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი; ისრაელის სახლი; ფესტივალი SOU; Public Art Platform; ჯადოსნური ლამპარი რუსთავი.

შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურის სხვადასხვა სფეროს, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების განვითარებას. ამ პროგრამას საქართველო 2015 წელს შეუერთდა და 4 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 22 წარმატებული პროექტი დაფინანსდა.

„შემოქმედებითი პროექტების ბაზრობის – 2019“ დათვალიერების შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ევროკომისარსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს ეროვნულ მუზეუმში უმასპინძლა და იქ არსებული მუდმივმოქმედი კოლექციები დაათვალიერებინა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად