თუთუნის მწარმოებლები ბათუმში აქციას მართავენ

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც თუთუნი მოჰყავს, ბათუმში საპროტესტო აქციას მართავს. ფერმერები, თუთუნზე აქციზის დაწესებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ გადასახადისგან არ გაათავისუფლებს, თუთუნის მოყვანას ვეღარ შეძლებენ.

“ერთ კილოგრამ თუთუნზე, აქციზის გადასახადი 60 ლარია. გამოდის, რომ მარტო აქციზის გადასახადისთვის უნდა ვიმუშაოთ მთელი წელი. დარგის განვითარების ნაცვლად კლავენ მას, ადგილობრივ წარმოებას კლავენ. ეს მტრობაა საკუთარი ხალხის და მაღალმთიანეთის, სადაც ისედაც ჭირს ცხოვრება. დახმარებით, არავინ გვეხმარება, პირიქით, ხელს გვიშლიან”, – აცხადებენ ფერმერები.

აქციის მონაწილეებმა, დღეს, თუთუნის გაყიდვაზე უარი თქვეს, დახლები აალაგეს და თბილისის მოედანზე შეიკრიბნენ, ისინი პროტესტის გაგრძელებას მსვლელობით გეგმავენ, აჭარის მთვრობის სახლამდე.

21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით დაიბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ გაიზრდება.

ამ დროისთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი ფიქსირებულის ნაწილში თანაბარი განაკვეთით, 1,7 ლარით იბეგრება, ხოლო ადვალურის ნაწილში კი – ფილტრიანი 30%-ით და უფილტრო 10%-ით. აქციზის განაკვეთი ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მოწევის შემცირების აუცილებლობით ახსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად