თუშეთის საავტომობილო გზაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

თუშეთის საავტომობილო გზაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს. ინფორმაცია “აიპრესს” ახმეტის მერის წარმომადგენელმა თუშეთში, ლადო კახოიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გზის რთულ მონაკვეთებზე, ასევე იმ ადგილებში სადაც სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უნდა დაიწყოს ავტომობილების გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

,,ამ დროისთვის გზაზე სიმშვიდეა, გადაადგილდება დიდი რაოდენობით საქონელი, მოძრაობა დაშვებულია ავტომობილებისთვის და არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა მიმდინარეობს პოლიციასთან მოლაპარაკებები, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობაზე დაწესდეს შეზღუდვები, საათობრივად იქნება თუ როგორ ამას ვაზუსტებთ. სავარაუდოდ, შეზღუდვები ღამის საათებში ამოქმედდება.

ამ ყველაფერმა არ გვინდა, რომ ხელი შეუშალოს სამუშაოებს, მაგალითად უნდა მოხდეს სტიქიის შედეგად წაღებული მონაკვეთის აღდგენა, ასევე 56-ე კილომეტრზე, მეწყერის ადგილას უნდა დაიწყოს აქტიური სამუშაოები. ასე, რომ გადაწყვეტილება ყველა დეტალის გათვალისწინებით იქნება მიღებული, რომ სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს და ამასთანავე, გადაადგილება უსაფრთხო იყოს,- განუცხადა ,,აიპრესს,, კახოიძემ.

ცნობისათვის, გუშინ თუშეთის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე უბედური შემთხვევა მოხდა. ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა, დაიღუპა 35 წლის მამაკაცი.

დაშავებულ 40 წლის მამაკაცს კი მკურნალობის კურსი თელავში, ავთანდილ ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით, მას მრავლობითი დაჟეჟილობები, თავის ტვინის შერყევა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად