თურქმენეთში პოლიცია ბიჭებს და გოგონებს პარკში ერთმანეთის გვერდით ჯდომას უკრძალავს

ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო აზატლიკი” („რადიო თავისუფლების” თურქმენეთის ბიურო) ავრცელებს

აშხაბადის პოლიციამ დასასვენებელი პარკების ვიზიტორებზე კონტროლი გაამკაცრა. გახშირდა პარკებში ერთად მყოფ საწინააღმდეგო სქესის ვიზიტორთა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემთხვევები, გარდა ამისა, პოლიცია ყურადღებას აქცევს გოგონების და ქალების გარეგნობას და ჩაცმულობას.

„რადიო აზატლიკის” კორესონდენტების თქმით,აშხაბადის პარკებში სულ უფრო და უფრო ხშირად შეიძლება შეხვდეთ პოლიციელს რაციით, რომელიც სკამზე ერთად მჯდომს საწინააღმდეგო სქესის პირებს აქცევს ყურადღებას.

პოლიცია პირველ რიგში ბიჭს უხმობს თავისთან და ეკითხება, რა არის მისი მასთან ერთად მყოფი გოგო. იმ შემთხვევაში, თუ ბიჭი პასუხობს, რომ იგი დაა, პოლიცია მას პასპორტს თხოვს, ხოლო თუ ბიჭი პასუხობს, რომ გოგო მისი თანაკურსელია, ორივე პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ, შემდეგ კი სასწავლო დაწესებულებაში რეკავენ და სასწავლებლის ხელმძღვანელებს დაკავებულთა ვინაობას ატყობინებენ. სასწავლებლიდან გარიცხვის შიშით უმეტესობა ცდილობს ან გავლენიან ნაცნობს მიმართოს დახმარებისთვის, ან პოლიცია მოქრთამოს.

ბიჭების ბიჭებთან ან გოგონების გოგონებთან ერთად ყოფნა პოლიციის ყურადღებას არ იქცევს, ბიჭების და გოგონების ერთად ყოფნაზე ხელის შეშლის მიზეზებზე პოლიცია განმარტებას არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ აშხაბადის პოლიციამ შორტებში მყოფ ქალებს და კაცებს დაუწყო შენიშვნების მიცემა და რიგ შემთხვევებში მათ დაწესებულებებში შესვლაც კი აუკრძალა. კონკრეტულად, შორტებით მყოფებს ბანკში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიცია თავის ასეთი ქმედების მიზეზების შესახებ განმარტებას არ იძლეოდა.

კომენტარები
იტვირთება...