თურქეთში რუსეთის ელჩი ჩერქეზების დეპორტაციის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიშს იხდის

თურქეთში რუსეთის ელჩი ალქსეი ერხოვი ანკარაში ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და ჩერქეზების დეპორტაციის ლამაზ ლეგენდად მოხსენიების გამო მათ ბოდიში მოუხადა.

შეხვედრის დროს კავკასიელთა საზოგადოებების ფედერაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ელჩმა დაამახინჯა ჩერქეზი ხალხის ისტორია, შეურაცხყო მათი ისტორიული მეხსიერება და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩერქეზთა შორის დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ერხოვის განმარტებით, მისი სიტყვები ინტერპრეტირებული იმგვარად იქნა, რომ მან ჩერქეზთა გულის ტკივილი გამოიწვია და ამის გამო იგი წუხს.

ჩერქეზთა აღშფოთების მიზეზი sputnik-abkhazia-ში გამოქვეყნებული ალექსეი ერხოვის ინტერვიუ გახდა. ელჩმა კორესპონდენტთან საუბარში სტამბოლში მისი გენერალურ კონსულად ყოფნის დროს “კავკასიის ომის” წლისთავის აღსანიშნავად გამართული რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები, “რუსეთო – მკვლელო, წაეთრიე კავკასიიდან” და მსგავსი ლოზუნგები, რუსეთის ხელისუფლების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გაიხსენა და თქვა, რომ ამ ყველაფრის საფუძველი იყო “ისტორიულად ჩამოყალიბებული” სტერეოტიპი – ცუდი, აგრესიული რუსეთი, მანიაკალურად შეპყრობილი გეოგრაფიული ექსპანსიის და “ეთნიკური წმენდების” წყურვილით, ბოროტულად დაესხა თავს მშვიდობიან მეზობლებს – ადიღეებს, შაფსუღებს და სხვებს და “გაყარა” ისინი სამშობლოდან.

ელჩმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ლამაზი ლეგენდაა. “ვინმე დაფიქრდა, რას ნიშნავდა რუსული სტანიცების მოსახლეთათვის ისეთი მეზობლების გვერდიგვერდ ცხოვრება, რომელთა კეთილდღეობა დაფუძნებული იყო (შეიარაღებულ) შესევებზე – ანუ მკვლელობებზე, ძარცვებზე და ტყვეთა გაყიდვებზე? როდესაც ყოველ თვეს, ყოველ კვირას, ყოველ დღეს შეიძლებოდა მოსულიყვნენ ეს “მშვიდობიანი მთიელები”, მოეკლათ კაცები, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაეყვანათ?

იმ დროინდელ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერ ამას ითმენდა-ითმენდა, შემდეგ მოთმინება ამოიწურა და არმია დაიძრა წინ – თავდაპირველად მათთან “გამიჯვნას” ცდილობდა, ვისთანაც მშვიდობიანად ცხოვრება არ შეიძლებოდა, შემდეგ კი მათი კრიმინალური ცხოვრების წესის აღკვეთას. ამ ადამიანებს შესთავაზეს: ან გადასახლდებით ბარში, მოგეცემათ მიწები და დაკავდებით მწარმოებლური შრომით, ან ემიგრირებულები იქნებით, მოძმე თურქეთი მზადაა თქვენ მისაღებად. ვიღაცამ გადაწყვიტა წასულიყო – და წავიდნენ, თუმცა, ბევრი უბედურება გადახდათ თავს: შიმშილი, სიცივე, ავადმყოფობა გზაშიც და ჩასვლის შემდეგაც. ვიღაცამ გადაწყვიტა დარჩენილიყო – და დარჩა. ბევრი უბედურება გადახდათ თავს მათაც – ამ შემთხვევაში რუსეთის და საბჭოთა კავშირის ხალხებთან ერთად, თუმცა, სხვა მიზეზების გამო”

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად