A1 ბანერი

თურქეთში, ქურდობაში ეჭვმიტანილი, ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

პორტალ haberler.com-ის ცნობით, პოლიციამ 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავა. დაკავებულები საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგა-2-ის ფეხბურთელები არიან. ისინი ანტალიაში, კონიალტის სავაჭრო ცენტრიდან სხვადასხვა სპორტული საქონლის, სულ 9 ერთეულის, ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.

მაღაზიის თანამშრომლებმა ნივთები მაღაზიის დაკეტვის დროს მოისაკლისეს და პოლიცია გამოიძახეს. მას შემდეგ, რაც
დადგინდა ნივთების მოპარვის დრო, პოლიცია იმ დროს მაღაზიაში მყოფი ვიდეოთვალით დაფიქსირებული კლიენტების გადამოწმება დაიწყო და ხუთი პიროვნება, ,რომლებიც მაღაზიიდან გასულები ავტომობილით წავიდნენ, საეჭვოდ მიიჩნია.

მანქანის ნომრების შემოწმებით დადგინდა, რომ საეჭვო პირები ქურდობის ადგილიდან დაახლოებით 40 კმ-ის დაშორებით მდებარე დასახლებული პუნქტ ბელეკის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მცხოვრები ცხინვალის “ცხინვალის” ფეხბურთელები გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქირით გამოყვანილი მანქანით ჩავიდნენ კონიალტის სავაჭრო ცენტრამდე და შემდეგ უკან დაბრუნდნენ. პოლიციამ ხუთივე მათგანი დააკავა.

“ცხინვალი” ცხინვალი საქართველოს საფეხბურთო პირველობაზე ლიგა 2-ში თამაშობს. მათ შარშან პლეი-ოფში ჩოხატაურის ბახმაროს სძლიეს და ლიგა 3-ში გავარდნას ამგვარად დააღწიეს თავი.

საფეხბურთო კლუბი 2007 წლის ივლისში “სპარტაკი” ცხინვალის სახელწოდებით დაარსდა. მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი არის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. 2015 წლიდან გუნდს სახელი შეეცვალა და “ცხინვალის “ცხინვალი” ეწოდა. მათ შარშან 600 000 ლარი საბაზისო დაფინანსების, 119 800 ლარი პრემიის და 37 386 ლარი სტიმულირების სახით, სულ 757 186 ლარი, მიიღეს საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან . გუნდი ანტალიაში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...