თურქეთის პარლამენტს აზერბაიჯანში სამხედროების გაგზავნის პროექტი წარედგინა

განკარგულების პროექტი აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნის შესახებ წარედგინა თურქეთის პარლამენტს, იუწყება სააგენტო Anadolu.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა ქვეყანაში გათვალისწინებულია აზერბაიჯანის თხოვნით და რუსეთთან შეთანხმებით მთიან ყარაბაღში მშვიდობის შენარჩუნების მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნის ფარგლებში.

“ცენტრს ოპერირებენ სამხედრო მოსამსახურეები და საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო სპეციალისტები. ცენტრის მუშაობა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც აისახა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და ეუთოს შესაბამის რეზოლუციებში”, – ციტირებს სააგენტო დოკუმენტს.

ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში თურქი სამხედროების გაგზავნა “შეესაბამება თურქეთის ეროვნულ ინტერესებს”.

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს 10 ნოემბრის შუაღამეს. უკვე გამოქვეყნდა გაფორმებული შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი მთიან ყარაბაღში აგზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად