თურქეთის ელჩი პატრიარქს: სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.

ელჩებმა მხარდაჭერა და თანდგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა:

,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის.

სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა”.

ელჩებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

შეხვედრაზე თურქეთის ელჩმა  ფატმა სერენ იაზგანმა ასე მიმართა:

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთელ მოვისმინო თქვენი სიბრძნე. როგორც ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს საქართველოსთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხაზგასმით აღვნიშნავ ასევე თქვენს პირად უზარმაზარ წვლილს თურქ და ქართველ ხალხს შორის დამყარებულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს იწვევდით და იწვევთ საქართველოში რათა გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ძალიან დიდი კავშირია ჩვენ ქვეყნებს შორის. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ. თქვენო უწმინდესობავ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინ აღვუდგეთ ამ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა ცდილობს შუღლი გააღვივოს მრავალეროვან და მულტირელიგიურ საქართველოში. ჩემს კოლეგებს მინდა შევუერთდე სურვილებში და გისურვოთ ჯანმრთელობა” – განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად