თურნავა: თურქეთთან შეთანხმების ამოქმედება საქართველოში ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი, აგრეთვე შერეული ქართულ-თურქული ეკონომიკური კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ოფიციალური ვიზიტის იმ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოსა და თურქეთის ლიდერებს შორის შედგა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა დღეს არსებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აღარ პასუხობს იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ქვეყნებს შორის. ითქვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და თურქეთის ბაზარზე ქართული ექსპორტის მოცულობას გაზრდის.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ოქმის შიდა პროცედურების დასრულება თურქეთის მხრიდან დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული დოკუმენტი შეეხება საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებულ პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით.

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. მისი თქმით, შეთანხმების ამოქმედება წაახლისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე თურქეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით თურქული მხარე საქართველოში საექსპერტო ჯგუფებს მოავლენს. საუბარია ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე თურქეთში.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაში და კომისიის სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად