თურნავა: რუსი ტურისტების ნაწილი კვალავაც მოწადინებულია, ეწვიოს ჩვენს ქვეყანას

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიისგან სამი ძირითადი მოთხოვნაა, რომელთა მოსაგავრებლადაც მთავრობა მუშაობს.

ნათია თურნავამ დღეს ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტურიზმის ინდუსტრია გამოწვევის წინაშეა და მიმდინარეობს მუშაობა პრობლემების მოსაგვარებლად.

“თქვენ იცით, რომ ერთ კვირაზე მეტია, რაც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია, მე პირადად, მთელი ჩვენი გუნდი, პრემიერ-მინისტრის დავალებით დავდივართ რეგიონებში და ვხვდებით იმ ტურისტულ ადგილებში ოპერატორებს, ვისაც ყველაზე დიდი რისკი დაუდგათ, სადაც წლის ბოლომდე ტურისტებს ელოდებოდნენ, მათ შორის მილიონი რუსი ტურისტი უნდა ჩამოსულიყო და ახლა დგას ჩამოსვლა კითხვის ქვეშ. ძირითადად, რომ დავაჯამოთ შეხვედრების შედეგები, სამი მიმართულებით ისმის მოთხოვნა. პირველი, მოთხოვნა იმისა, რომ მოხდეს სტაბილიზაცია, იყოს მშვიდობა და ამის შესახებ მესიჯი მივაწოდოთ მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი.

მეორე მიმართულებაა ფინანსური პრობლემები, რაც ბიზნესს დაუდგა, ბანკის სესხები, გადასახდელები და შემოსავლები. მესამე, რასაც ვისმენთ, არის ის, რომ ბიზნესი და ოჯახები ითხოვენ, რომ დივერსიფიკაციასთან ერთად გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რუსი ტურისტიც არ წავიდეს და შევინარჩუნოთ. ეს სამი მიმართულება არის დავალება, რომელიც მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრთან გვექნება მსჯელობა, და იმ კვირაში მზად ვიქნებით, გარკვეული ღონისძიებებით დავუბრუნდეთ ტურისტულ ინდუსტრიას“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მილიონ რუს ტურისტს მთლიანად ვემშვიდობებით, თუ სხვა გზებითაც შემოვლენ ქვეყანაში, მინისტრი პასუხობს:

„ჩვენ ტურიზმის ბიზნესთან ერთად ვაკვირდებით ამ დღეების ტენდენციას, რასაც ვუყურებთ, რუსი ტურისტების ნაწილი კვალავაც მოწადინებულია ეწვიოს ჩვენს ქვეყანას და ამას მივესალმებით, რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რაღაცნაირად დალაგდება“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...