თურნავა: მცირე ჰიდროელექტროსადგურებისთვის მცირდება ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გადაწყვეტილება მცირე ჰესების მშენებლობის მიმართულებით.

ის მცირე ჰიდროელექტროსადგურები და მათი განმავითარებელი ინვესტორებისთვის, ვინც არ მოითხოვს სახელმწიფოდან გარანტირებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს და ასეთები ბოლო დროს ძალიან ბევრია, ვინაიდან ჩვენ ვახორციელებთ ბაზრის რეფორმას და გავხსენით ბაზარი, ამ კატეგორიებისთვის მცირდება ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რომელიც აქამდე 1 მეგავატზე 100 000 დოლარს შეადგენდა და იმ ჰიდროელექტროსადგურებისთვის, ვინც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და არანაირ დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 დოლარი 1 მეგავატზე.

ამით ჩვენ ვაღწევთ იმას, რომ გამოთავისუფლდება დაახლოებით 10% მათი რესურსისა საკუთარი კაპიტალის, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე სადგურების განვითარებას.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ერთის მხრივ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა ისეთ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელიც არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორეს მხრივ, ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას და ვუტოვებთ მათ განკარგვაში მეტ რესურსს, რომელიც მოხმარდება ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად