თურნავა: “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში” საქართველოს შეფასება არ გაუარესებულა

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მეთოდოლოგიამ გარკვეული ცვლილება განიცადა, რომლის მიხედვით ადგილები სხვაგვარად გადანაწილდა და ეს, საქართველოსთან ერთად, შეეხო სხვა ქვეყნებსაც – მაგალითად, გერმანიამ მესამე ადგილიდან მეშვიდეზე გადაინაცვლა, ასეთივე ცვლილება შეეხო ჩეხეთს, საბერძნეთს და მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე გააუარესეს ქვეყნის შიგნით – ისინი ისევ მოწინავე ევროპული ქვეყნები არიან, უბრალოდ მოხდა მეთოდოლოგიური ცვლილება“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის დროს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს შეფასება არ გაუარესებულა, ქვეყანა კვლავ 61 ქულით ფასდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„ჩვენთვის მთავარია ვიაროთ მუდმივად წინ, ბიზნესისთვის ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები და ამას ბევრი რეიტინგი ასახავს“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკიდან გამომდინარე, ქვეყანა მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის უპირობო ლიდერია და კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს Labor Tax Rate %-ის კომპონენტში.

ასევე, უმნიშვნელოვანესია საკრედიტო გაპის მიმართულებით საქართველოს უპრეცენდენტო წინსვლა და 119-ე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადასვლა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, 8 საფეხურით შემცირდა და ის 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა მცირედით, 0.3 პუნქტით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის რეიტინგში გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორიდან საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 6 მიმართულებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, უნარები, ბაზრის მოცულობა, ფინანსური სისტემა, ბიზნესის დინამიურობა და ინოვაციური შესაძლებლობები.

ინსტიტუტების ინდიკატორში წინა წელთან შედარებით ქვეყანას სარეიტინგო ქულის გაუმჯობესება აქვს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებითნ როგორიცაა, პოლიციის მიმართ სანდოობა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის შემთხვევები, სოციალური კაპიტალი.

ინფრასტრუქტურის ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულა, წინა წელთან შედარებით 0.9 პუნქტით გაუმჯობესდა და 66.7 ქულა შეადგინა. საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუმჯობესება ინდიკატორის 8 მიმართულებიდან შემდეგი 4 მიმართულებით დაფიქსირდა, როგორიცაა საგზაო კავშირების ინდექსი, მატარებლის მომსახურების ეფექტიანობა, კონტეინერული გადაზიდვების დაკავშირების ინდექსი და მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი სასმელი წყლის მოხმარება.

ICT მიღების მზაობის ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობის მხრივ.

შრომის ბაზრის ინდიკატორში საქართველომ ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის მიმართულებით, კერძოდ ქვეყნის ქულები გაუმჯობესდა მშრომელთა უფლებების დაცვის, გათავისუფლების ხარჯებისა და ადგილობრივი მუშახელის მობილობის თვალსაზრისით.

ფინანსური სისტემის ინდიკატორში ქვეყნის ქულა 2.1 პუნქტით გაუმჯობესდა და 56.2 ქულა შეადგინა. ქვეყნის შეფასება ინდიკატორის შემდეგი 4 მიმართულებით გაუმჯობესდა, როგორიცაა ბაზრის კაპიტალიზაცია, სადაზღვევო პრემია, ვადაგადაცილებული სესხები და საკრედიტო გაპი.

ბაზრის მოცულობის ინდიკატორში საქართველოს შეფასება 0.7 პუნქტით გაუმჯობესდა და 41.6 ქულა შეადგინა. ინდიკატორი 2 კომპონენტს აფასებს – მთლიანი შიდა პროდუქტი (PPP) და იმპორტის წილი მშპ-ში. ამ უკანასკნელ კომპონენტში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 24-ე პოზიციას იკავებს.

ბიზნესის დინამიურობის ინდიკატორში 0.1 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 62.2 ქულა შეადგინა. ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო დანახარჯების მიმართულებით საქართველოს უმაღლესი შეფასებები აქვს და 45-ე ადგილი დაიკავა, ქულით 98.9

ინოვაციური შესაძლებლობების ინდიკატორში საქართველოს შეფასება ისეთი მიმართულებით გაუმჯობესდა, როგორიცაა სასაქონლო ნიშნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად