ხუნდაძე: თუკი გადამოწმების შემდეგ ოჯახს მოეხსნება სოცდახმარება, ეს თანხა დარჩეს მიმღების სასარგებლოდ და ტვირთი აიღოს სახელმწიფომ

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

“მექნება კომიტეტის შემოთავაზება და მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ გადამოწმების პერიოდში გასაცემელი არ შეუჩერდეს ოჯახებს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი გადამოწმების შემდეგ მათ მოეხსნებათ სოციალური დახმარება, ეს თანხა დარჩეს მიმღების სასარგებლოდ და ტვირთი აიღოს სახელმწიფომ, რადგან ოჯახი, რომელიც ამ ბაზაში იყო და ბაზის მიღმა დარჩება, ის მაინც არის სიღარიბის ზღვარის სიახლოვესთან ახლოს. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია, რათა სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მართლაც დამოკიდებული არიან იმ მინიმალურ დახმარებაზე სახელმწიფოს მხრიდან და მის გარეშე თუნდაც, ერთი ან ორი თვით ან შესაძლოა, ერთი კვირითაც, მათთვის ძლიან მძიმედ ასატანია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა მთავრობის წარმომადგენელს თხოვნით მიმართა, რომ საკითხის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია წარმოედგინა.

დიმიტრი ხუნდაძე დაინტერესდა თუ რა სახის რეფორმები იგეგმება ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით; ასევე, სოციალური მუშაკების და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვნებათაღელვის გამომწვევი კონკრეტული მიზეზებით და წინამძღვრიანთკარში პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის ტერიტორიასთან სიახლოვეს დევნილთა საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებული პროცესით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად