„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, – გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის შეკვეთით, დღეს ხინკალი მიიტანეს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზთან, სადაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის ბოლო კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს.

„მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა, თუ ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის თანაკურსელები გამოჩნდებოდნენ, მათ ხინკალზე დავპატიჟებდი, კურსელების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა პირობის შესრულება მაინც გადავწყვიტე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, – ასეთი წარწერა ახლდა ხინკლის ყუთებს.

რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის კურსელები სახინკლეში მაშინ დაპატიჟა, როდესაც შალვა თადუმაძეს პარლამენტში როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ.

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად