“თუ ოპოზიცია ივარგებს, რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა არსებობს” – ინტერვიუ თეონა აქუბარდიასთან

რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. მათი თქმით, არჩევნები ისევ გაყალბდა და პარლამენტში ყოფნას აზრი ეკარგება და ახლა ბრძოლის გზა ქუჩაზე გადის. სხვა აზრი აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს და მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობა არ უნდა დაიკარგოს.

საქართველოს შიდა პოლიტიკისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან ჩამოტანილი გზავნილების შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი თეონა აქუბარდია საუბრობს:

_ მიდის მსჯელობა მანდატების დატოვებაზე, პირადად თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე, თქვენც ხომ არ განიხილავთ ამ იდეას? გასაგებია, რომ იდეალურისგან შორს იყო ეს არჩევნები და რთული ვითარებაა, მაგრამ გგონიათ, რომ გამოსავალი ეს არის?

_ ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ჩვენი ფრაქციიდან. ისევე როგორც ჩემი პირადი პოზიციაა, რომ იმისათვის, რომ რეალურად ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში და ეს ხელისუფლება გავუშვათ სახლში, აუცილებელია არა მხოლოდ ერთი ტაქტიკის არჩევა, არამედ მთლიანად სტრატეგიის შემუშავება და გამოყენება ყველა ბრძოლის გზის, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნის.

ვფიქრობ, რომ გუშინდელის შემდეგ შეიცვალა პოზიციები და აღარ არის საუბარი მანდატების დატოვებაზე ისე, როგორც გუშინ იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უნდა იყოს შექმნილი სივრცე, სადაც შესაძლებელია, რომ დისკომფორტი შევუქმნათ „ოცნებას“ და მეორე მხრივ მოხდეს რეალური ბერკეტების გამოყენება უამრავ გამოწვევებთან დაკავშირებით.  ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული.

მანდატების დატოვებაზე განხილვა არ არის ჩვენი მხრიდან. ჩემი პირადი აზრია, რომ ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული ომის მოგებისთვის და ომია ქვეყნისთვის და არა რომელიმე დეპუტატის ან პარტიის ინტერესისთვის. უნდა იყოს ისეთი სტრატეგია შექმნილი, სადაც ეს შესაძლებლობები გამოჩნდება.

_ მათ შორის გახვალთ ქუჩაშიც და პარლამენტის პარალელურად ქუჩის გზასაც გამოიყენებთ?

_ რა თქმა უნდა. საპროტესტო აქციები არის ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი. მაგრამ, როდესაც გაქვს საპარლამენტო ტრიბუნა და არსებობს შესაძლებლობები, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, დაიბარო მინისტრი, დააყენო საკითხები, გამოიყენო საერთაშორისო ასპარეზი და პარლამენტიდან ამ ყველაფრის გამოყენება ბევრად უფრო იოლია და ა. შ.

ისევე როგორც მნიშვნელოვანია საკრებულოებში ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა. ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

_ არ ფიქრობთ, რომ მცირედით, მაგრამ მაინც შეიცვალა რაღაც რეალობა. არ ფიქრობთ, რომ ჩნდება შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის ხმა უფრო მეტად ჩანდეს?

_ გულწრფელად მიმაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რომ ქვეყანა მიდის უკან, რეალურად საზოგადოებას უნდა დავანახოთ რას ვთავაზობთ უკეთესს და არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერების საშუალებით. გულწრფელად მიმაჩნია, რომ ხალხთან უნდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ არჩევნების წინ, არამედ მთელი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს ხალხთან უშუალო კომუნიკაცია. ხალხში რწმენა უნდა დავაბრუნოთ.

_ შეძლებთ ამას, რომ დაანგრიოთ სტერეოტიპი, რომ პოლიტიკოსები ხალხთან მიდიან მხოლოდ არჩევნების წინ?

_ ცალკე მე ერთი დეპუტატი ან თუნდაც ის პარტია, სადაც მე ვარ, ამას რა თქმა უნდა ვერ შეძლებს. ეს უნდა იყოს საერთო სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განსხვავებები არსებობს პოლიტიკურ ველზე. ვფიქრობ, რომ საერთო პოზიციები უნდა იყოს შემუშავებული ამასთან დაკავშირებით. ეს საჭიროა იმისათვის, რომ რეალურად გავუშვათ „ოცნება“ სახლში და შევქმნათ იმის განცდა, რომ რეალურად ქვეყანა წინ მიდის და არა უკან. არასწორად მიმაჩნია, როდესაც არჩევნების მეორე დღეს ვლაპარაკობთ ისევ ქუჩის პროტესტზე და მანდატების დატოვებაზე. არაფრად არ მიღირს არც ჩემი მანდატი და არც სხვა ნებისმიერი სიკეთე, რაც შეიძლება აქედან მივიღო თუ არ იქნება დაცული ქვეყნის ინტერესი. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ ქვეყნისთვის რაღაცა გამეკეთებინა. თუ იქნება ასეთი შემუშავებული სტრატეგია, მე დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემ წვლილს.

ვხედავთ, რომ რეალურად „ოცნება“ დღეს არის შეშინებული, რომელიც გვპირდებოდა, რომ დაასრულებდა „ნაცმოძრაობას“ – რეალურად კი ღრმავდება პოლარიზაცია, რაც ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამაზე მიგვითითებენ, რომ ქვეყანა დამარცხდა ამ არჩევნებში და არა ოპოზიციური კოალიცია. ჩვენ უნდა მოვიგოთ ბრძოლა, იმისათვის, რომ სახელმწიფო რეალურად გვქონდეს. ის პრინციპები, რაც საქართველოს ქაღალდზე უწერია, ნატო იქნება, ევროკავშირი თუ დემოკრატიის განმტკიცება, რეალურად დავიცვათ.

_ მე ერთ-ერთი ყველაზე მეტად მაწუხებს, რა ბედი ელის საკონსტიტუციო ცვლილებებს? იქნება ბოლომდე მიყვანილი? თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

_ იცით რა? საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება არსებობდა, როდესაც გავიდა მიშელის შეთანხმებიდან „ოცნებამ“ თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ეს არის მათი პოლიტიკური ნება. მნიშვნელოვანია ის, რომ ამის ვალდებულება არა მხოლოდ „ოცნებას“ აქვს, არამედ ოპოზიციურ ფრაქციებსაც, რომლებიც შევედით პარლამენტში ამ შეთანხმების შედეგად. ეს ფურცელზეა დატანილი. „ოცნებას“ არ უთქვამს, რომ ცვლილებას არ განიხილავს. მიმაჩნია, რომ დამატებითი საბაბი არ უნდა მიეცეს „ქართულ ოცნებას“, რომ ჩააგდოს ცვლილებები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდეს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, როგორც დაბალ პროცენტიანი ბარიერის, ისე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები, მათ შორის რიგგარეშედაც. კონსტიტუცია განიხილავს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასაც.

„ოცნება“ აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც წლების წინ იყო. ვხედავთ ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რაც ნამდვილად არ მიხარია. ამიტომ, რიგგარეშე არჩევნების შესაძლებლობა რეალურად არსებობს, თუ ოპოზიცია ივარგებს. ასევე შესაძლებლობაა საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელიც „ოცნებას“ წაართმევს შესაძლებლობას, რომ მაჟორიტარების მანდატები ჩაიდოს ჯიბეში. ამიტომ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიუხედავად პოლიტიკური განწყობებისა, შევიდეთ პარლამენტში და კენჭი ვუყაროთ ამ გადაწყვეტილებას.

_ ახსენეთ შარლ მიშელი, ვისარგებლებ შემთხვევით და ნახევრად ხუმრობით გკითხავთ, რატომ უარყავით თქვენმა ფრაქციამ შარლ მიშელი? ვგულისხმობ ფრაქციის სახელწოდებიდან შარლ მიშელის ამოღებას.

_ არა, ნამდვილად არ ყოფილა არანაირი უარყოფა. ვრჩებით იმ შეთანხმების ერთგულებად, რომელიც მნიშვნელოვანი იყო დიდი როლი შეასრულა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამ ფუნქციის მიღწევაში, თუმცა ვხედავთ, რომ მხოლოდ მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო ცვლილებები არ არის დღის წესრიგში ქვეყნის დემოკრატიულობის გზაზე და ბევრად უფრო ფართე დღის წესრიგია, ამიტომ ჩვენ გვაქვს ინიციატივები, რომელსაც წარვადგენთ პარლამენტში და უფრო ფართე სპექტრის იქნება ეს რეფორმები.

_ ანუ, რეფორმების გაფართოებას გეგმავთ და აქედან გამომდინარე შეცვალეთ ფრაქციის სახელწოდება?

_ შარლ მიშელის შეთანხმებით რაც იყო დღის წესრიგში, ამაზე მეტად ვაპირებთ გაფართოებას. გვექნება ინიციატივები და ამის გამო იყო სახელის ცვლილება და არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს. ჩვენ ვაპირებთ, რომ რეალურად ვისაუბროთ ადამიანების გასაჭირზე და ეს ამოცანა მაქვს პარლამენტში, რომ ვისაუბრო გასაჭირზე. უბრალო მოქალაქეების პრობლემებზე, იქნება ეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები თუ სხვა სამიზნე ჯგუფები. ვხედავთ, რომ ისინი გაუარესებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

_ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში იყავით, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში მონაწილებდით. რა გზავნილებით ჩამოხვედით? რა განწყობაა საქართველოს მიმართ და არის ისეთივე მოლოდინი, როგორც ეს იყო რამდენიმე წლის წინ?

_ ჩვენი ნატოში გაწევრიანება არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. აქ უკვე პოლიტიკურ პარტიებს აღარ აქვს მნიშვნელობა, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ის, რომ პარტიებმა ხელი მოაწერეს ნატოსადმი მიმართვას, ამის დადასტურება იყო. დღეს საქართველო აღარ არის ლიდერი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ნატოში წევრობისთვის აუცილებელია დემოკრატიული რეფორმები. ამიტომ, სერიოზული უკანდახევაა ნატოში გაწევრიანების გზაზე.

ამის მიუხედავად სამწუხაროდ ყველას გვავიწყდება ის თუ რა საფრთხეების წინაშეა საქართველო. მხედველობაში მაქვს რუსეთის ოკუპაცია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხო და ის ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს და ეს არის ნატოს წევრობა. ბევრი სირთულეა, როგორც საერთაშორისო კონტექსტში, ისე ქვეყნის შიგნით, მაგრამ თუ ჩვენ არ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება და თუ არ დავუმტკიცეთ მას, რომ ერთიანობა გვაქვს ამ საკითხზე და თუ არ დავუმტკიცეთ, რომ ქვეყანა ვითარდება დემოკრატიულად, ამ შემთხვევაში ერთადერთი ქვეყანა იხეირებს ამ ყველაფრით და ეს იქნება რუსეთი.

_ იქ როგორი განწყობაა? შეცვლილია ეს განწყობები საქართველოს მიმართ?

_ თუ შევადარებთ იმ პერიოდს, როდესაც საქართველო აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიის გზაზე მდგომი ქვეყანა, მაშინ კი, ეს განწყობები შეცვლილია. გამომდინარე იმ საკითხებით, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ხდება და დემოკრატიის იმ ხარისხით, რომელიც შემცირებულია. ამას ემატება პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც არის საშიში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ის, რომ საქართველოს სურს ნატოს წევრობა, ეს ცალკე აღებული არაფერის არ ნიშნავს, თუ ჩვენ არ გავერთიანდით ნატოში წევრობისთვის, არა მხოლოდ სადღეგრძელოს დონეზე, არამედ კონკრეტული რეფორმების კონტექსტში. დღეს რაც ხდება, ეს არა წინ, არამედ უკან ხევს ქვეყანას.

ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ასპირანტი ქვეყანა უსაფრთხოების კონტექსტში, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საერთაშორისო მისიებში – ავღანეთსა და ერაყში ყოფნით, მაგრამ ყველა მთავარ საკითხზე აკეთებს აქცენტს, რაც არის ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები, რომლის გარეშეც ნატოს წევრი ვერ გახდები. ეს პროცესი კიდევ უფრო ხელს უწყობს იმ სკეპტიციზმის გაღრმავებას, რაც იყო და არის გამოხატული ნატოს ზოგიერთი წევრის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ის პოლარიზაცია რაც გვაქვს და დემოკრატიის კუთხით უკანდახევა გამოუსწორებელი დანაშაულია ქვეყნის მომავლისთვის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...