“თუ მიზნისკენ მიემართები, მეცადინეობაც საინტერესო ხდება” – ინტერვიუ 22 წლის ფოთელ პიანისტთან

22 წლის ფოთელმა პიანისტმა ჭაბუა პაჭკორიამ, ბაქოში, კლასიკური მუსიკის მე-12 საერთაშორისო კონკურსზე _ Future Stars , პირველი ადგილი დაიკავა. როგორც ის „აიპრესთან“ ჰყვება, დაკვრა საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკიან დაიწყო. ახალგაზრდა პიანისტი, არაერთი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელია. გამოირჩევა შესრულების უმაღლესი დონით და თავისებური მანერით.

დავიწყოთ იქიდან, რატომ გახდი პიანისტი და ვინ შთაგაგონა მუსიკისადმი სიყვარული?

მუსიკის შესწავლა, საკმაოდ გვიან 13 წლის ასაკში დავიწყე. ვსწავლობდი ფოთის ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში პედაგოგ ელენა მენჩიკოვასთან, ახლა კი, თბილისში, ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ ნინო ქათამაძესთან. კითხვაზე, თუ რატომ გავხდი პიანისტი, უბრალოდ პასუხი არ მაქვს. ჩემი აზრით, მუსიკისადმი სიყვარულის შთაგონება სხვისგან შეუძლებელია, ეს ბუნებრივი პროცესია, ამიტომ ჩემს შემთხვევაშიც ბუნებრივად იყო, არავინ არ ჩარეულა.

ოჯახში ვინმე ხომ არ უკრავს?

ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ არ ყოფილა. დედაჩემი მხატვარია და ხანდახან მისი სმენით უკრავს რაღაც კომპოზიციებს. ბავშვობაში სწორედ დედასთან ერთად ვუკრავდი ხოლმე, ის მასწავლიდა ხალხურ მელოდიებს.მამაჩემმა მიმიყვანა მუსიკალურის დირექტორთან ქალბატონ ლია ეჯიბიასთან, და მოსმენის შემდეგ მან მამას უთხრა, რომ მე აუცილებლად უნდა დამეწყო სწავლა. გასაუბრების შემდგომ მამაჩემს ვუთხარი, რომ მე ფორტეპიანოს გარდა ვიოლინოზეც მსურდა დაკვრა. ამიტომაც ფორტეპიანოსა და ვიოლინოს შესწავალა ერთდროულად დავიწყე.

გაიხსენე პირველი წარმატება

პირველ წარმატებაზე მახსენდება ანაკლია,ვიყავი 13 წლის, კლასიკური მუსიკის კონკურსზე გამოვედი, დავუკარი ქართული პიესა და ლაურეატი გავხდი. ახლაც მახსოვს ის ემოციები.

როგორც წესი, პიანისტები საათობით მეცადინეობენ, ადრეულ ასაკში როგორ გაუმკლავდი ასეთ დატვირთვას?

საათობით მეცადინეობა დისკომფორტს რა თქმა უნდა ქმნის, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ჩემს ჩვევას, რომ ყველაფერი მინდა ძალიან მალე გამომივიდეს. ხანდახან ზოგი რამ უფრო მეტ დროს მოითხოვს ხოლმე. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, თუ მიზნისკენ მიემართები, მეცადინეობაც ამ მიზანს ექვემდებარება და შედარებით საინტერესო ხდება.

ამჯერად რამდენ დროს უთმობ მეცადინეობას?

ვინაიდან ფორტეპიანო შინ არ მაქვს, ვერ გეტყვით ზუსტ დროს, თუ რამდენ საათს ვმეცადინეობ. ჩემი მეცადინეობის ხაგრძლივობა ცვალებადია. 4, 5, ხან 6 საათი, ხანაც კი საერთოდ არა.

გარდა იმისა რომ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს უნიკალოდ ასრულებ , შენ თვითონ თუ ქმნი კომპოზიციებს?

მელოდიებს ვქმნი, თუმცა არა ბევრს. მაქვს რამდენიმე ნაწარმოები.

არ გეგმავ საკუთარი შემოქმედებით მსმენელის წინაშე წარსგე?

არა, არ ვაპირებ. ჯერ ამ ტიპის კონცერტის მოსამზადებლად დრო არ მაქვს.

შენი აზრით, რა არის კარგი პიანისტის დამახასიათებელი თვისება, რითი უნდა გამოირჩეოდეს ის?

ჩემი აზრით ყველა პიანისტი რაღაც კუთხით გამორჩეულია, მაგრამ ის მთავარი შესაძლებლობა, რაც უნდა ჰქონდეს , არის რაღაც ენით უთქმელი იდუმალება, რომელსაც ვგრძნობთ მაგრამ ბოლომდე ვერ ვხსნით, სწორედ ეს არის გამორჩეულობის მანიშნებელი.

რა სირთულეების გადალახვა უწევს ამ პროფესიის ადამიანს?

ეს პროფესია, უფრო მეტად კი ცხოვრება კომპლექსურია. მოითხოვს დიდ დისციპლინას, და ბევრ მეცადინეობას. მაგრამ მხოლოდ ამას არა. მუსიკოსს ესაჭიროება ხელოვნების სხვა დარგების შეგრძნება, განსაკუთრებით მხატვრობის, პოეზიისა და ცეკვის.

ხელოვანი ადამიანები თავისებურად აღიქვამენ გარემოს,საკუთარი სამყარო აქვთ შექმნილი. როგორია პიანისტის, კონკრეტულად შენი სამყარო?

რთული კითხვაა. ჩემი სამყარო ალბათ ისეთია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ შეგრძნებებთან, რასაც ჩვენ უსასრულობის განცდას ვეძახით, ხოლო ამ სივრცეში ყველაფერი ბგერებშია გადასული.

კონცერტებზე მსმენელებს შენეულ ინტერპრეტაციას სთავაზობ, თუ ზუსტად იმას გადმოსცემ რაც კომპოზიტორს აქვს ჩაფიქრებული?

მსმენელს, რა თქმა უნდა ჩემეულ შესრულებას ვთავაზობ. ადამიანი იმდენად არის გამორჩეული, რამდენადაც შეუძლია მოვლენები თავისებურად აღიქვას. კომპოზიტორებსაც ხომ ეს უნდათ, დაგვანოხონ საკუთარი თავი სხვა სამყაროში, სხვა მოცემულობაში.

რამდენად რთულია საკუთარი განწყობის მიტანა მსმენელამდე?

საკუთარი განწყობის მსმენელამდე მიტანა, ვიტყოდი ურთულესია, იმიტომ რომ მოითხოვს ბევრ ენერგიას და სურვილს ამის გაკეთებისა.

ვისაუბროთ შენს გემოვნებაზე, კლასიკის გარდა რას უსმენ, რა ჟანრის ფილმებს უყურებ, ვინ არის შენი საყვარელი მწერალი, პოეტი?

კლასიკური მუსიკა ემოციურად იმდენად დატვირთულია, რომ სხვა ჟანრების მოსმენის სურვილი არ მიჩნდება ხოლმე, თუმცა სხვა ჟანრებიც საინტერესოა. საყვარელი ფილმი არ მაქვს. ვკითხულობ გალქტიონ ტაბიძეს და ჰერმან ჰესეს, ასევე ხშირად მიჩნდება სურვილი, პლატონის ნააზრევი წავიკითხო.


მუსიკოსობის გარა, რომელი პროფესია გიზიდავს?

მინდოდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლა, მაგრამ მივხვდი, რომ ასე არ სჯობდა მუსიკას ბევრი დრო მიაქვს, ფაქტობრივად არ რჩება სხვა რამისთვის დრო.მითუმეტეს ფილოსოფიის კითხვა ისედაცაა შესაძლებელი.

ხშირად ღებულობ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობას, რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ქველმოქმედებას?

ქველმოქმედებას ჩემს ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ფოთში, “ფონდი ქველმოქმედი 2015” -ის ორგანიზებით უკვე რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე, რითაც დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. სამომავლოდ კიდევ ვგეგმავთ მრავალი ასეთი კონცერტის ჩატარებას.

ბოლოს, მოგვიყევი მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე

2019 წლის 10-15 დეკემბერს ბაქოში ჩატარდა კლასიკური მუსიკის მე-12 საერთაშორისო კონკურსი “Future Stars 2019”, რომლის პირველი ადგილის მფლობელი გავხდი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს პროფესორს ნინო ქათამაძეს. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პრიზის გარდა სპეციალური პრიზიც მივიღე. ბაქოს ბიულ-ბიულის სახელობის სპეციალიზირებული სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა, მაესტრო ტეიმურ გეოკჩაევმა მიმიწვია ბაქოს ახალგაზრდულ ორკესტრთან ს.რახმანინოვის მუსიკის შესასრულებლად, რომელსაც თვითონ უდირიჟორებს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მეტად ემოციურ ბაქოელ მსმენელს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, დაგეგმილი მაქვს მონაწილეობა მივოღო კონკურსში, რომელიც მადრიდში გაიმართება.

ავტორი: ანა ჯახაია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად