“თუ ხელისუფლება ჯანდაცვის თემით მანიპულაციას დაიწყებს, ეს იქნება ცეცხლთან თამაში!” – ინტერვიუ ეკა ბესელიასთან

პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უკვე განაცხადა, რომ თუ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მისი პარტია პარლამენტში ვერ შევა, ის პოლიტიკიდან წავა. როგორც “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი აცხადებს, მისი მიზანია, სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა თანამოაზრეებთან ერთად, ბოლომდე მიიყვანოს და თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ პოლიტიკაში მისი ადგილი არ იქნება. ამ და სხვა საკითხებზე “აიპრესი” ეკა ბესელიას ესაუბრა:

მიხეილ სააკაშვილმა “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო არჩევნებში საერთო სიებით მონაწილეობისკენ მოუწოდა, რაზეც ოპოზიციური გაერთიანებიდან არაერთმა სუბიექტმა განცხადა უარი. თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება რით არის მოტივირებული, იმის გარდა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება?

-შემოთავაზებულ ერთიან სიას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. მე არასდროს არ შემიცვლია პოზიცია სააკაშვილის და მისი პარტიის მიმართ. არასოდეს არ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ მათთან ერთად გამოვიდე არჩევნებში. მთელი ეს საარჩევნო კონსულტაციები მიმდინარეობდა ყველა პარტიასთან, რადგან ყველას ესმის, რომ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში და ყველამ სამართლიანად მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, ერთიანი სია ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას სხვა კანდიდატებზე. ამ პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებაზე მე ვერ ავიღებ და ამას არასდროს გავაკეთებ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

არსებობს მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს, ეს კი, პრინციპულად აწყობს „ქართულ ოცნებას“, რომ თავად დარჩეს უმრავლესობაში და “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ იყოს მისი ოპოზიცია. ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში რამდენად რეალურია ეს მოსაზრება?

-მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ეს ბევრმა არჩევნებმა დაადსტურა. როგორც ერთ, ისე მეორე პარტიას აწყობს, რომ არჩევანი გაკეთდეს ამ ორ ძალას შორის, მაშინ, როცა გამოიკვეთა, რომ არის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ალბათ უმრავლესობა, რომელმაც უკვე თავის თავში გადაწყვიტა, რომ არცერთი აღარ უნდა. მეც ასეთი ამომრჩეველი ვიქნებოდი და მოვძებნიდი ვინმე სხვას, ვისაც ვანდობდი საკუთრი ქვეყნის მომავალს ოთხი წლის განმავლობაში. მგონია, რომ ვინც ამ წინადადებას დათანხმდება, ბუნებრივია, ამ ორი ალტერნატივის და შავ-თეთრი სურათის გამამყარებელია. არ ვეთანხმები ამ იდეას და მგონია, რომ ეს არის ძალიან საზიანო.

სულ წელს, „ოცნებიდან“ თქვენი წასვლა სასამართლო რეფორმამ განაპირობა. ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ 2015 წელს იქნა არჩეული, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყოს თუნდაც უვადო მოსამართლეების პარლამენტში არჩევის პროცესი. რა იყო მიზეზი, რის გამოც მაშინ არ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, შემდეგ კი, იმდენად დაუპირისპირდით მმართველ გუნდს, რომ მისი დატოვება მოგიხდათ?

-მურუსიძე პარლამენტს არ აურჩევია და არასოდეს არ ყოფილა ეს საკითხი პარლამენტში განსახილველი. მურუსიძე თავად მოსამართლეებმა აირჩიეს. იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებას რაც ეხება, სხვათაშორის, ჩემი პირველი, საკმაოდ მკვეთრი დაპირისპირება სასამართლოს თემაზე იყო კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, როდესაც პარლამენტმა აირჩია 4 წევრი იუსტიციის საბჭოში. მე არ ვეთანხმებოდი იმ კანდიდატების დასახელებას გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და კიდევ იყო ერთი კანდიდატი, ვინც ნეიტრალურად გამოიყურებოდა. არ ვეთანხმებოდი იმიტომ, რომ რეალურად იყო იმ გავლენიანი ჯგუფის დიდი მცდელობა, მათ დაეკომპლექტებინათ იუსტიციის საბჭო და მე პირველი დღიდან ვეწინააღმდეგებოდი ამას. მათ შორის, 2014 -15 წელს, როცა სასამართლო რეფორმა დაიწყო, მაშინ იყო მცდელობა ჯერ კიდევ ამ რეფორმაში სასურველი ინტერესების ჩადების სასამართლო ჯგუფის მხრიდან. ამ სასამართლოში რა თქმა უნდა, არიან პატიოსანი ადამიანები, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ ვიწრო ჯგუფზე, რომელსაც კლანს უწოდებენ. ძალიან მწვავე იყო ჩემი რეაქცია შიგნით. ეს ახსოვს გიორგი კვირიკაშვილს და მას შეუძლია დაადასტუროს რამდენად მძიმე იყო ჩემი რეაქცია იუსტიციის საბჭოში წვერების არჩევის დროს. ასე, რომ პირნათელი ვარ, როდესაც საჯაროდ გამოვხატე პროტესტი, იქამდე უკვე შიდა მექანიზმები გავლილი მქონდა და ჩვენს გუნდში პირველად არ გაუგიათ ჩემი პროტესტი სასამართლოს თემაზე. სხვათაშორის, ეს კიდევ წინა პარლამენტში ხდებოდა. ამ თემაზე მე ყოველთვის მქონდა ჯანსაღი და სწორი პოზიცია.

თქვენი აზრით, ამჟამად, რა პროცესი მიდის ოპოზიციაში და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მაჟორიტარ კანდიდატებთან და საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსესუსი შედგება, ან არ შედგება?

-საარჩევნო თემაზე კონსულტაციები იყო კარგი. ამან შედეგი გამოიღო და მივიღეთ 8 მარტის შეთანხმება. არის შანსი, რომ ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, არ დაიკარგოს ამომრჩევლის ხმა და პატარა პარტიებიც მოხვდნენ პარლამენტში. ეს კარგი შესაძლებლობაა მრავალპარტიულობისთვის და ამით ისარგებლებს ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც აკრიტიკებენ საკონსულტაციო მაგიდას. საერთოდ, მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ამბობს, რომ არ უნდა ესაუბრო იმ ადამიანს, ვისაც არასოდეს არ ეთანხმები. მე მგონია, რომ პოლიტიკაში საუბრის კულტურა თუ არა გაქვს, უბრალოდ, არ უდნა იყო პოლიტიკაში. ამიტომ ასე საკითხის დასმა მიმაჩნია ძალიან პრიმიტიულად, ან ეს არის „ქართული ოცნების“ გზავნილი, რომელსაც ის იმეორებს, ვინც მის წისქვილზე ასხამს წყალს. ერთნი ამბობენ, რომ ყველა ხართ „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ, მეორენი ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ სატელიტები ვართ. ალბათ, ამომრჩეველმა უნდა გაიგოს, საბოლოდ ვინ ვინ არის და გულწრფელობა და ღიაობა ამაში ძალიან დაეხმარებათ. მაჟორიტარებს რაც შეეხება, მგონია, რომ აქ არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, გვყავდეს საერთო კანდიდატი ყველგან. თუ შესაძლებელია, რომ ოპოზიციური ელექტორატი გაერთიანდეს და ალბათ, ეს იქნება უფრო მეორე ტურებში, მე პირადად, დამოუკიდებლად მივიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა, გარკვეული კონსულტაციები მაქვს.

იქნებ, დააკონკრეტოთ ვისთან გაქვთ, ან არ გაქვთ კონსულტაციები?

– კონსულტაციები არ მაქვს ყველა პარტიასთან, არ მქონია „ნაცმოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან”. მაქვს მხოლოდ იმ პარტიებთან, ვინც არ არის დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან. სწორედ იმიტომ, რომ დააზღვიო მომავალი იმ რისკებისგან, რაც ქვეყანამ გადაიტანა, საუბარი საჭიროა ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა, პასუხისმგებლობის აღება ყველაზე არ შეიძლება. ჩემთვის მთავარია, ისეთი ხელისუფლება მოვიდეს სათავეში, რომლისთვისაც სასამართლო დამოუკიდებლობა იქნება მთავარი ღირებულება. ვინც ამას შეძლებს, ის ისტორიაში შევა. სხვა ყველა დანარჩენი მიმაჩნია ფუჭ მცდელობად.

ბოლო დღეებში არაერთი მინიშნება გაკეთდა, რომ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეიცვალოს. ჯერ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება დეკემბერშიც არის შესაძლებელი, შემდეგ ითქვა ისიც, რომ წლის ბოლოს გადატანას, სექტემბრის თვეში სჯობს. რამდენად რეალურია, არჩევნების გადავადება და ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ამ თემის წამოწევა?

– სექტემბერში ვერ ჩატარდება არჩევნები, მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია ოქტომბრის კვირა. ვერცერთ შემეთხვევაში ეს თარიღი ვერ გადმოიწევს, ამის შესაძლებლობა არის ნოლი. გადაწევის შესაძლებლობა არის მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ხელისუფლება, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე ორი თვით ადრე ცხადდება არჩევნების თარიღი. არ ვიცი, რატომ გაჩნდა ეს დისკუსია საჯარო სივრცეში. როგორც ჩანს, იხილება მმართველ პარტიაში ეს ვერსია. სხვაგვარად ეს არ გახმოვანდებოდა. თუ დაშვებით ვიმსჯელებთ, ზოგადად ეს ეპიდემია ისეთი თავისებურებით ხასიათდება, რომელიც ცუდი და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, შესაძლებელია მანიპულირებადი გახდეს, ანუ სტატისტიკა გაიზარდოს,ან შემცირდეს. ეს შესაძლებლობა არსებობს.

რაში შეიძლება დასჭირდეს ეს ხელისუფლებას?

– თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის მანიპულაციის საშუალება, ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს, თუ ობიექტური გარემოებები იქნება, ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ თუ არ არის ამის აუცილებლობა და მაინც ცხადდება საგანგებო მდგომარეობა არჩევნების შეცვლის მიზნით, ერთადერთი რაც შეიძლება ამის მოტივატორი იყოს, საარჩევნო შედეგების გათვლა, რომელიც შეიძლება მმართველი პარტიისთვის იყოს ცუდი პროგნოზის მომტანი. მათ აქვთ შესაძლებლობა დაახლოებით გაზომონ განწყობები, რაც არის ქვეყანაში. შეიძლება ჩაითვალოს, რომ შემოდგომა ყველაზე ემოციური, დატვირთულია, პოლიტიკურად დუღილის პერიოდია, ყოველთვის ასე ხდებოდა და ეს არა მხოლოდ საქართველოს ახასიათებს. თუ გავიხსენებთ ბოლო წლების შემოდგომას, ყოველთვის ხდება რაღაც მნიშვნელოვანი. შეიძლება ვერსია მუშავდება, რომ წლის ბოლო, დეკემბერი იყოს გაცილებით უფრო იოლი სამართავი პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით. ამიტომ, ვერსია ალბათ, ეს შეიძლება იყოს, თუ ვარაუდებს გავყვებით.

– შეიძლება თუ არა, რომ არჩევნების თარიღის გადაწევა გაიწეროს საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლის მიღებაც პარლამენტში ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ უჭერთ მხარს ამ ცვლილებებს,  იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა პირობები, მაინც დაუჭერთ მხარს?

– არა მგონია, რომ ეს უნდა ჩაიწეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში. კონსტიტუცია განსაზღვრავს რომ თუ არ არის საგანგებო მდგომარეობა, სხვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება თარიღის შეცვლა. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება დასრულდება, ესეც წერია, რომ დასრულებიდან 45 დღეში უნდა გამოაცხადო კონკრეტული თარიღი. თქვენ ხომ კარგად გესმით, რამდენად მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იხანგრძლივებს თავის საქმიანობას. გახსოვთ, ალბათ, დიდი პოლიტიკური გამოსვლები, 2007 წლის მოვლენები, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პარლამენტმა ექვსი თვით გაიგრძელა საკუთარი უფლებამოსილება და ამას მოჰყვა სწორედ ძალიან დიდი მღელვარება. ეს ძალიან სახიფათოა, თუ ეს მოხდება ხელოვნურად და მანიპულაცია დაიწყება ჯანდაცვის თემით, მგონია, რომ ეს იქნება ცეცხლთან თამაში. არ მგონია, ამ გზას დაადგეს „ქართული ოცნება.“

ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად