“თუ ერთსქესიანთა ქორწინებამდე მივა საქმე, პარლამენტარები ბიძინასთან, ოლიმპოზე გადაინაცვლებენ”

"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ "აიპრესთან" საუბარში აღნიშნა, რომ თუ ამერიკის მთავრობის მხრიდან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა იქნება, საქართველოს ხელისუფლება ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ამორალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ბაღათურია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძის განცხადებასაც, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ხელისუფლების შეცდომა უწოდა.

"მანანასგან სხვა რამეს არ მოველოდი. საქართველოში არსებობენ ღირსეული ადამიანები. მათ არც ნამუსი აკლიათ, არც ღირსება. მაგრამ გადაწყვეტილებას პარლამენტში ლიბერალური ძალები იღებენ. თუკი რამე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს სხვებმა, მაშინ საქმე გასარჩევად გადაიწევს ხოლმე ოლიმპოს მთაზე, ღრუბლებს ზევით რომ არის. ოლიმპოს მთაზე კი ჩვენ გვინახავს როგორც ადეკვატური, ასევე კურიოზულობამდე მისული გადაწყვეტილებები. ოლიმპოს მთის პატრონს ძალიან დიდი ქონება აქვს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. („ოლიმპოს მთაზე, აბა, ვინ არის ბიძინას მეტი?“,- აზუსტებს. ავტ) ქონების დაკარგვის შიშით მან შეიძლება მიიღოს არამხოლოდ კურიოზული, არამედ ქართულ მორალთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში პარლამენტისთვის იქნება გადაცემული. ამის შემდგომ უკვე რამდენი პარლამენტის წევრი დარჩება იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა მანანაა, ამას ვერ გეტყვით“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება გუშინდელი გადაწყვეტილებით ყველა შტატში დააკანონა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად