“თქვენთან მოვა ტაქსის მძღოლი ციალა” – რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებული ციალას ისტორია

ციალა კარაპეტოვი, რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად მეხუთე წელია რაც ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ნახევრად ქართველია, რადგან მამა ქართველი ჰყავდა და მისი სამშობლო აქ არის.

ფოთში, უკვე მესამე წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. ქართულად საუბარს ნელ-ნელა ეჩვევა. ძალიან უნდა საქართველოს მოქალაქე გახდეს. განიცდის რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებზე. ამბობს, პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა და ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვოთ.

რთულია ქალისთვის ტაქსის მძღოლობა?

ნიუანსები არის რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია.

რას გულისხმობ ნიუანსებში?

ძნელია, რომ მთელი დღე მანქანით გიწევს მუშაობა. დილით 7 საათზე გამოვდივარ სახლიდან და საღამოს 8 საათზე ვბრუნდები. რომ არა მეგობრები, ძალიან გამიჭირდებოდა. მაგალითად, თუ გზაში საბურავი დამეშვა, ვურეკავ მათ და მეხმარებიან. ესმით, რომ ქალი ვარ და საბურავს თავად ვერ გამოვცვლი.

ქართული ენის არ ცოდნა ხომ არ გიქმნის გარკვეულ პრობლემას?

უკვე არავის ეუცხოება, რომ რუსულად ვსაუბრობ. მესამე წელია რაც „მაქსიმში“ ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფოთელების 90%-ი ჩემს მიმართ დადებითადაა განწყობილი. თავიდან იყო რამდენიმე არსასიამოვნო შემთხვევა, ერთხელ პატრულის გამოძახებაც დამჭირდა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ჩამიჯდა.

დამიწყო გინება, ყვირილი, საქართველოში ცხოვრობ და რატომ არ იცი ქართულიო. ეს იყო საშინელება. გავაჩერე მანქანა და ვუთხარი გადასულიყო, ადგილიდან არ გაინძრა და პატრული გამოვიძახე. ცოლი და პატარები ტიროდნენ, შემეცოდა და განცხადება არ დავწერე, მაგრამ შემდეგ პატრულს დაუწყო გინება და მაინც დააჯარიმეს. ვფიქრობ ღმერთმა დასაჯა. ვტიროდი, ამაზრზენი სცენა იყო. ამის შემდეგ, როდესაც იგივე მისამართს დავინახავ მონიტორზე, ვაიგნორებ, ვცდილობ სადაც ცხოვრობს იმ ქუჩაზე არ გავიარო. რა თქმა უნდა, ამის გამო ქართველები არ შემძულებია, იდიოტები ყველა ეროვნებას ჰყავს.

ყოველთვის ვამბობ, პოლიტიკა პოლიტიკაა და ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ. სამი წლის ვიყვი როდესაც საქართველოდან რუსეთში წამიყვანეს, ვერ მოვასწარი ქართული კარგად მესწავლა, ახლა ნელ-ნელა ვცდილობ ეს დანაკლისი შევივსო, უკვე რამდენიმე სიტყვა ვიცი და ძალიან მიხარია.

როგორი დამოკიდებულება აქვთ კოლეგებს შენს მიმართ, როგორც კონკურენტს უხეშად ხომ არ გექცევიან?

როდესაც კერძოდ ვმუშაობდი, კოლეგების მხრიდან ცოტა უხეშობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ „მაქსიმში“ მსგავსი რამ არ ხდება. პირიქით, ყველანაირად მეხმარებიან. ოფისში მარტო მე ვარ ქალი და ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ, დღესასწაულებზე სიურპრიზებსაც მიწყობენ.

პატრულთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ გქონია, არ დაუჯარიმებიხართ?

პატრულთან პრობლემა არ მქონია არასოდეს, რადგან ვიცავ წესებს. რომ ვაკვირდები, მამაკაცმა მძღოლებმა არ იციან მოსახვევში ციმციმის ჩართვა, მე ყველაფერს ვიცავ, ვცდილობ ყოველი შემთხვევისთვის.

ქალ მძღოლებზე რას გვეტყვი?

ქალები ამ მხრივ უფრო მოწესრიგებულები არიან, ზედმიწევნით იცავენ საგზაო წესებს, ჩქარა არ მოძრაობენ და არასოდეს არ ცდილობენ სხვას გაასწრონ.

სამაგიეროდ არ უყვართ ფეხით მოსიარულეებისთვის გზის დათმობა…

ბოლო პერიოდში უფრო გამოკეთდა ამ მხრივ სიტუაცია. რაც ვიდეოთვალი დამონტაჟდა, ზებრა გადასასვლელზე თითქმის ყველა აჩერებს.

თავიდან როგორი იყო მგზავრების რეაქცია, როდესაც საჭესთან დაგინახავდნენ?

ძალიან ბევრი კურიოზული შემთხვევა მქონდა. ერთხელ თბილისელი ქალი ჩამიჯდა, რომ დამინახა სიცილი ვერ შეიკავა, როდესაც მაქსიმისგან ესემესი მივიღე შინაარსით: მოვა მძღოლი ციალა, გავიფიქრე ამ მეგრელ მამაკაცებს რა უცნაური სახელები ჰქვიათო. მამაკაცი მგზავრები გაუგებრობაში იყვნენ, ეტყობა იფიქრეს ქალი საჭესთან, თან რუსი ეროვნების, ესეიგი მასთან ყველაფერი შეიძლებაო. უბრალოდ მიხდებოდა ახსნა, რომ მე ვარ ტაქსი გამოძახებით და არა ქალი გამოძახებით. ეს ადრე იყო, ახლა უკვე ყველა მიცნობს და ქუჩაში როგორც ახლობელს ისე მესალმებიან.

მოგვიყევი რატომ გადაწყვიტე საქართველოში დაბრუნება?

იმიტომ რომ ნოსტალგია მომაწვა. მე ხომ ნახევრად ქართველი ვარ, მამაჩემი ნატანებიდანაა. რუსეთში ყველაფერი გავყიდე და დედაჩემთან ერთად აქ ჩამოვედი საცხოვრებლად. ფოთში შევიძინე ბინა, სადაც ერთ კვიაში დაგვაღაჩაღეს. დედაჩემი მეუბნებოდა_ აი როგორ დაგხვდა შენი სამშობლოო. ძალიან დიდი სტრესი გადავიტანეთ, ღამით 11 საათზე შემოგვინგრიეს კარები, ბალიშით გვგუდავდნენ, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მადლობა ღმერთს დედაჩემი გადარჩა. პოლიციამ პროფესიონალურად იმუშავა და დამნაშავეები მალევე დაიჭირეს.

ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. მათ მშობლებს ვუთხარი, ილოცეთ დედაჩემი, რომ გადარჩეს და თუ გადრჩა თქვენს შვილებს დავეხმარები. ადამიანურად მოვიქეცი, ახალგაზრდებს შანსი მივეცი და პოლიციაში საჩივარი არ შევიტანე. ათი წლის მაგივრად სამი წელი იჯდნენ ციხეში. ახლა ეზოში ერთმანეს ვესალმებით და თუ ვთხოვ, ბინამდე მძიმე ჩანთების ატანაშიც მეხმარებიან.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ, ხომ არ აპირებ სამსახურის შეცვლას?

წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ერთი შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ აქედან არსად წავალ. ჩამოვედი არა სამუშაოდ არამედ საცხოვრებლად და ჩამოვიყვანე ჩემი რუსი დედა, რომელიც ამბობს, საქართველოდან ქმარმა წამიყვანა, შვილმა კი დამაბრუნაო. ძალიან მინდა მივიღო საქართველოს მოქალაქეობა, რაზეც უარი მითხრეს, რადგან მამა ცოცხალი აღარაა, დეიდაშვილ-მამიდაშვილები კი ოჯახის წევრებად არ ითვლებიან.

მინდა ყველა ქართველს ვუსურვო ჯამრთელობა და ბედნიერება. რუსეთში ქართველებს კარგად ექცევიან, არც მამაჩემს და არც მე არასოდეს არ გვიგრძნია ნაციონალიზმის პრობლემა.

მიუხედავდ იმისა, რომ შორს ვარ სლავური გარეგნობისგან, თან სახელიც კავკასიური მაქვს, სკოლაში ვუყვარდით. ძალიან მინდა, რომ მშობლებმა შვილები რუსი ხალხის მიმართ სიძულვილით არ აღზარდონ. პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა, ჩვენ არ ვართ პლიტიკოსები.

მასალა მოამზადა ანა ჯახაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად