თორნიკე რიჟვაძის პასუხი “საერთაშორისო გამჭვირვალობას”: როცა ასეთ ბრალდებას აყენებენ, ცოტა უნდა განათლდნენ

“არც საკუთარ თავს და არც ხალხს არ ვაკადრებ იმას, რომ კანონდამრღვევი ვიყო. რაც შეეხება კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას და მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებულ ორგანიზაციას და მათ სატელიტ მედია-საშუალებებს, რომლებმაც თითქოს რაღაც სკანდალი გამოაცხვეს, ბრალდება წამიყენეს, თითქოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ან ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს ვარღვევ…” – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” კვლევას პასუხობს.

” ჩემს დეკლარაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს, ნოტარიუსის შემცვლელი პირის, თამარ ახმეტელის მხრიდან გაცემულია შესაბამისი წილის მინდობის აქტი და ეს არის პირდაპირ შესაბამისობაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან.

ჩემი დეკლარაცია გადამოწმებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან და აქვე, პირდაპირ არის მითითებული, რომ დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ დადგენილია საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან.

წილის ფლობა, არ ფლობა აკრძალული არ არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. აკრძალულია კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩარევა. კარგად ვანსხვავებ ბიზნესს და ეკონომიკას. ამ კონკრეტულ საწარმოში ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთოდ არ ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა. თუმცა, ფორმალურად მაინც წილის მინდობის ხელშეკრულება გაფორმებულია, რაც დეკლარაციაშიც არის მითითებული და გადამოწმებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ.

ამის რეგისტრაცია საერთოდ სავალდებულო არ არის. როცა ასეთ ბრალდებებს აყენებენ, ცოტა უნდა განათლდნენ. არ მაქვს დრო, რომ ისინი განვანათლო საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში, თუნდაც სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობაში. ასევე, დავამატებ იმასაც, რომ ოფისის მენეჯერები არ უნდა წერდნენ იურიდიულ კვლევებს და საზოგადოება არ უნდა შეყავდეთ შეცდომაში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თანამდებობის პირთა არასრულად შევსებული დეკლარაციები. 

კვლევაში თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ვკითხულობთ: თორნიკე რიჟვაძეს 2019 წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს 25% წილი შპს „აჭარა ბერრის ლიმითედში”. რიჟვაძეს მოცემული წილის მართვა სხვა პირისთვის მინდობით უნდა გადაეცა, რაც მან არ გააკეთა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2017 წლის 31 ივლისს, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული წილი თორნიკე კუჭავას აჩუქა (კუჭავა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს). თუმცა სათანადო დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო საჯარო რეესტრმა რიჟვაძის განცხადება არ დაარეგისტრირა. შესაბამისად, კომპანიის 25% დღემდე თორნიკე რიჟვაძის საკუთრებაში რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად