თორნიკე რიჟვაძე: ტურისტული სეზონის ჩავარდნით დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფო გვერდით დაუდგება

“ჩვენ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი გვექნებოდა, მაგრამ ამის პარალელურად, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან მუდმივი შტურმი, არეულობა და ქაოსის შექმნის მცდელობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ შედეგებს და ზიანს მიაყენებდა ამ წარმატებულ ტურისტულ სეზონს. ოპონენტები ცდილობენ, ქვეყანა საბოტაჟის რეჟიმში ამყოფონ,” – აღნიშნული განცხადებით გახსნა აჭარის მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარე ტურისტული მიმართულებით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა და მომდევნო თვიდან ქმედითი ნაბიჯები ცენტრალურ მთავრობასთან ერთად დაანონსა, თუმცა კონკრეტული გეგმა დღეს თორნიკე რიჟვაძეს არ წარმოუდგენია:

“მაისში და ივნისში ჩვენ აჭარაში პრაქტიკულად უკვე გვქონდა სეზონის პიკი. ამას მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა, რომელიც იყო, როგორ აეროპორტების, ასევე საზღვრის კვეთის მიმართულებით. ​ივნისის თვეში საზღვრის კვეთის 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 41%-იანი ზრდა კი აეროპორტის მიმართულებით, რაც საბოლოოდ ჯამში მოწმობს, რომ ჩვენ გვექნებოდა ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ამის პარალელურად მუდმივი შტურმი, არეულობა და ქაოსის შექმნის მცდელობა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა გარკვეულ შედეგებს და ზიანს მიაყენებდა ამ წარმატებულ ტურისტულ სეზონს. ოპონენტები ცდილობენ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში.

ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, რომელიც გვქონდა. ამ მიმართულებით ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოჯახებს, რომლებიც სეზონური სესხების გადახდის და დასაქმების ნაწილში დაზარალდნენ, სახელმწიფო დაუდგეს გვერდით. აგვისტოში ვატარებთ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის გამოსწორებას. მიზნად ისახავს არსებული ნიშნულის შენარჩუნებას.

ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა ტურისტული სეზონი წარმატებით ჩატარდეს აჭარაში და არავის მივცეთ საშუალება მოახდინოს მოქალაქეების, ოჯახების, მათი ეკონომიკური ინტერესების დაზიანება”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად