თორნიკე რიჟვაძე:ბოდიში მოსახდელი „ნაცმოძრაობის“ შარლატანებს თავად აქვთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” პასუხობს და სიცრუეში თავად ოპოზიციას ადანაშაულებს. ეს განცხადება, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგის საპასუხოდ მედიასთან გააკეთა. როგორც ის ამბობს, ბოდიში მოსახდელი „ნაცმოძრაობის შარლატანებს“ თავად აქვთ.

”ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, აქვს ნაცმოძრაობის შარლატანებს. ახლა კი მივყვეთ საგნობრივად. პირველი, რომ ბიუროკრატია არანაირად არ ეხება ამ პროცესს, ვინაიდან იცით, რომ მეზობელ სახელმწიფოში ჯერ კიდევ მძვინვარებს კოვიდ-19. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ მოვძებნეთ, ადამიანებს რომლებიც თურქეთში გრძელვადიანი პერიოდით გადადიან ხელი შევუწყოთ. ამისთვის მინიმალური დოკუმენტაციაა საჭირო. პირველი არის მოწვევა, რომელიც გაცემული უნდა იყოს თურქეთის მხრიდან. მეორე კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება და ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კარანტინისთვის გათვალისწინებული თანხების მოქალაქეებისთვის გაცემაც მოითხოვეს. თორნიკე რიჟვაძის თქმით სამასლარიანი კომპენსაციების გაცემა გრძელდება, ხოლო ფულადი დახმარება უკვე მიღებული აქვს 28 ათას მოქალაქეს.
”დაახლოებით 35 ათასმა მოქალაქემ შეავსო 300 კომპენსაციის მოთხოვნაზე განაცხადი და დღეის მდგომარეობით გაცემულია 28 ათასს. კომპენსაციის ნაწილშიც არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. კიდევ ერთხელ რაც შეეხება საზღვრის კვეთის ნაწილს, იმის გამო რომ თურქეთში ეპიდემია მძვინვარებს, ჩვენ მივიღეთ გრძელვადიან სამუშაოზე გადასვლის გადაწყვეტილება” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მთავრობამ იცრუა, როდესაც თურქეთში სამუშაოდ წამსვლელების შესახებ პოზიტიური ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, დასაქმების მსურველები, საზღვრის კვეთას ისევ ვერ ახერხებენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო“ ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად