თომა კაკაბაძე: დამოუკიდებლობა რომ შევიგრძენი, შემდეგ დავიწყე ბრძოლა სხვა ადამიანებისთვისაც…

თომა კაკაბაძეს ზღვისპირა ქალაქში ყველა იცნობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაში ბათუმი საქართველოში პირველ ადგილს რომ იკავებს,  ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის.

თომას ცხოვრება 2008 წელს, 23 წლის ასაკში მოულოდნელად შეიცვალა. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა. მართალია  დღეს ეტლით გადაადგილდება, თუმცა ერთი ღონისძიებიდან მეორეზე გდარბენას საკუთარი სტრატეგიით უკვე წლებია დამოუკიდებლად ახერხებს და ამისკენ სხვებსაც დაუღალავად მოუწოდებს.

„ხელოვნურად ნუ ქმნით ბარიერებს“ – ამ სლოგანით ბრძოლა 2013 წელს დაიწყო და უფლებადამცველი გახდა. „აიპრესი“ თომა კაკაბაძის  ინტერვიუს  გთავაზობთ, სადაც ნახავთ იმ დამოუკიდებლობის 6 წლიან გზას, რაც საკუთარი და სხვა შშმ პირებისთვის განვლო. ასევე იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რასაც დღემდე ვაწყდებით ქალაქის ინფრასტრუქტურასა, თუ საზოგადოების დამოკიდებულებებში. როგორც უფლებადამცველი და არსამათვრობო სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინკლუზიური გარემოს დაჩქარებული სტრატეგიის შესაქმნელად სიტუაცია ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უნდა დაიგეგმოს და ფინანსურად გაიწეროს, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური პირების კეთილ ნებაზე აღარასდროს იყოს დამოკიდებული:

თომა კაკაბაძე: ”ჩემი დილა იწყება დილის 08:30 მომზადებით და სამსახურში წასვლით. ოღონდ არც ისე მარტივია ჩემი სამსახურში მისვლა. ჩანიშნული მაქვს ავტობუსის გრაფიკი, რომელ წუთას სად უნდა იყვნენ. ხანდახან თუ ახალი მძღოლია, არ იცის პანდუსი როგორ უნდა გახსნას, როგორ უნდა დაადაბლოს, ან გასაღები არ აქვს თან. ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას სხვა ადამიანებისთვის, თუმცა თანდათან შეიცვალა ეს დამოკიდებულება საბედნიეროდ. სამსახურში მისვლამდე მიწევს ორი ავტობუსის გამოცვლა, რომ 11 საათისთვის მოვასწრო  სამსახურში ვიყო.  შემდეგ შუადღით ვარ უნივერსიტეტში ლექციებზე ორიდან. ეხლა ფსიქოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. სამწუხაროდ აქამდე არ მომეცა შესაძლებლობა უნივერსიტეტის არაადაპტირებულობის გამო. ჩემი ჩარიცხვის მერე გაკეთდა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიფტი.  ერთი წლის განმავლობაში, მეც ულიფტო შენობაში ვსწავლობდი.

ანუ ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად პირველი ნაბიჯების გადადგმა საკუთარ გამოცდილებაზე მოგიხდათ?

როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე ვთქვი – ოთხი წლის მერე, როცა აქედან წამოვალ, უნივერსიტეტი იქნება მისაწვდომი, ადაპტირებული სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და რამდენიმე შშმ პირს დავტოვებ უნივერსიტეტში, თუმცა ერთი ეტლით მოსარგებლე უკვე სწავლობს. ანუ ჩემს შემდეგ ჩააბარა მიშიკო პაპუნიძემ. მე უფრო მამამისთან მქონდა კონსულტაცია… ძალიან გამიხარდა, ალბათ გარემომაც გადააწყვეტინა, რადგან უკვე  ადაპტირებულია, გადაწყვიტა სწავლის დაწყება. ჩემი მთაავარი მიზანიც ეგ ოყო, ჯერ შევქმნათ გარემო და მერე მოვა სტუდენტები. ასე რომ გაიხსნა კარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღონ უმაღლესი განათლება. რატომაც არა, საჭიროა, იმიტომ რომ კონკურენტუნარიანები ვერ ვართ, განათლების არქონის გამო დასაქმების ბაზარზე.

შარშან შემოდგომაზე განათლების სამინისტროს ჰქონდა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა საგანმანათლებლო სივრცეებისა და კულტურული სივრცეების ადაპტირებას. ფრაგმენტულია ეს პროექტი იმიტომ, რომ ჯერჯერობით დაგეგმილია  მხოლოდ 8 ობიექტზე. ადაპტირების გარეშეა დღემდე აჭარის მთავრობის სახლი.  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძველი თავმჯდომარე, ხაბაძე 2015 წელს ამბობდა, რომ აქედან გადავდივართო, მაინც არ მოხერდა, მესამე თავმჯდომარე გვყავს იმის მერე. მართალია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ ეს  არ გამორიცხავს იმას, რომ ადაპტირება გაკეთდეს, ეს დადგენილებაშიც წერია. არსებობს მექანიზმები, რომელიც კულტ. მემკვიდრეობას არ აზიანებს და ისე კეთდება. ჰორიზონტალური ლიფტები თუნდაც და ა.შ. ეს არის უბრალოდ პოლიტიკა და დამოკიდებულება. უნდა თქვა და გააკეთო. ეს არ უნდა იყოს ვიღაცის მანიპულაციის საგანი. ზოგადად  სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა სანამ  არ იქნება შემუშავებული, თუნდაც რეგიონის დონეზე, თუნდაც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ვერ შეიცვლება სურათი რადიკალურად.

არადა, ადაპტირების მხრივ აჭარა პირველ ადგილზეა…

დიახ, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქალაქიდან, რომელიც პირველ ადგილზეა ადაპტირების კუთხით საქართველოში. სხვა რეგიონებში წარმოიდგინეთ  რა ხდება. ჩვენთან სიბრტყეა ისეთი, გეოგრაფიული არეალი, რომ მარტივია. გასაოცარი ის არის, რომ საერთოდ ნულოვან დონეზე შეიძლება ბათუმის დასმა, ანუ ბარიერები საერთოდ რომ არ იყოს. უბრალოდ რაღაც კომპლექსია ეტყობა, ან ძველი გადმონაშთის შიში იმისა, რომ დაიტბორება ან წყალი შემოვა.

სტრატეგია მთელი ქვეყნის მაშტაბითაა შესამუშავებელი, რაშიც დეტალურად უნდა გაიწეროს, რომელი რეგიონი რაზეა პასუხისმგებელი და სად რა უნდა განხორციელდეს. მე მგონია, რომ საერთოდაც პრემიერმინისტრი უნდა სთხოვდეს ყველა რეგიონს, შშმ პირთა მიმართ გააჩნდეს ინკლუზიური პროცესების დაჩქარებისთვის სტრატეგია. საშუალო, გრძელვადიანი არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ეს სტრატეგია გონივრულად იყოს გაწერილი და ფინანსური ნაწილიც გათვალისწინებული. ეს შეუწყებს ხელს იმას, რომ ნებისმიერმა საჯარო მოხელემ, რომელიც იქ ზის, მისი შეცვლის შემთხვევაში არ დააზიანოს სტრატეგია, განვითარება. ვიღაცების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მითუმეტეს ხშირად იცვლებიან. ინკლუზიური პროცესი უნდა განვითარდეს და საზოგადოებიდან დაწყებული, გარემოთი დამთავრებული, ინკლუზიურად გარდაიქმნას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტურისტებთან თუ გიხდებათ ქუჩაში გადაადგილების დროს შეხვედრა, რას ამობენ ისინი ქალაქის ინფრასტრუქტურაზე?

სერვისი მაინცდამაინც არ გვაქვს დახვეწილი. ყველამ ვიცით, რომ ეს ახალი ავტობუსები ცოტა უხეშია, თანაც ყველა მიმართულებით არ მოძრაობენ. ცენტრალური მიმართულებები ათვისებულია, მაგრამ მძღოლების დამოკიდებულებაც ხშირად გულგრილია, მეტი ყურადღებაა საჭირო. ბულვარის ადმინისტრაციამ აიღო პასუხისმგებლობა ინკლუზიურ ტურიზმსაც შეუწყოს ხელი. გასულ წელს, იცით ქალაქი როგორ ხვდებოდა ტურისტულ  სეზონზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ზღვის სანაპიროზე.  მხოლოდ გასულ წელს 41 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა მივიღეთ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ბილიკები, იმიტომ რომ ზღვამდე რეალურად არ მიდიოდა და ნახევარ პლაჟს ფარავდა მხოლოდ. მერე უწევდათ შშმ ტურისტებს და არამხოლოდ, ხელით გადაყვანა, რაც სამარცხვინო ფაქტი იყო. იმ თანხით 20 ბილიკი კი არა,  უნდა გაეკეთებინათ 5 და  ნორმალური. ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ სტანდარტს, არ იყო უსაფრთხო. საზოგადოების მძაფრი რეაქციაც მოჰყვა ამ ყველაფერს, ყველა აზიარებდა იმ ფოტოებს, ეტლით მოსარგებლე ტურისტებს როგორ უხდებოდათ ზღვაზე გადასვლა. ამან  წელს გამოიღო შედეგი და აიძულა ბულვარის ადმინისტრაცია, მოსულიყვნენ ჩვენამდე. დავსხედით და ეტაპობრივად, დეტალურად გავიარეთ ყველაფერი, რა როგორი უნდა ყოფილიყო. ეს მისასალმებელი ფაქტი იყო. უკვე გავიარე ახალ ბილიკზეც და შარშანდელთან შედარებით ბევრად კომფორტულია, მყარია. მარტო ეტლით მოსარგებლეებს არ ჭირდებათ ეს, ყველას ჭირდება. ზღვაზე ტივტივა ეტლიც შემოვა ეხლა ცენტრალური ბულვარის გასწვრივ. ეს ლოკაცია ავირჩიეთ, რადგან ყველაზე მოძრავი ადგილია. გაკეთდება ასევე ადაპტირებული საშხაპე,  გასახდელი და საპირფარეშო. მისასალმებელია ეს ყველაფერი, რადგან დამოუკიდებელი ცხოვრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

საზოგადოების დამოკიდებულება რამდენად შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ?

ტერმინებშიც კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიაა. ვიღაცა იტყვის, მე ინვალიდს დაგიძახებ და შენ როგორც გინდა, ისე მიიღეო. არაა ასე.. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დალექილი სტერეოტიპების გავლენაა და იმ გარიყულობის, რაც იყო მთელი ეს პერიოდი. საბჭოთა კავშირის პერიოდში საერთოდ ცალკე სასწავლებლები და ცალკე პანსიონატები იყო. ცალკე ჰქონდათ საერთოდ ყველაფერი. აუცილებელი იყო ინკლუზია მომხდარიყო. ტერმინი ინტეგრაციაც საერთოდ  ამოსაღებია. მაგალითად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენ ხშირად გაგვიგია და რა კონტექსტშიც გაგვიგია, ჩემთვის ზუსტად ისე ასოცირდება. საქართველო იმიტომ ვერ შედის ევროკავშირში, რომ ვერ აკმაყოფილებს პარამეტრებს, ანუ მე საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმიტომ ვერ ვერთვები, რომ ვერ ვაკმაყოფილებ რაღაცას?! გესმით  ხომ?!

სტერეოტიპების მიმართულებით მდგომარეობა  წლიდან წლამდე უმჯობესდება. ეს სიბრალულის დამოკიდებულება, ქველმოქმედებითი დამოკიდებულება, იცვლება და მიხარია. თუმცა ცუდი ფაქტებიც გვაქვს ხოლმე დღემდე. ეხლა იყო ბოლოს რაღაც პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  სწავლება უფასოდ იყო ერთ-ერთი სპორტის სახეობაში. შშმ და არა შშმ ბავშვებს ერთად მოუწიათ გაკვეთილებზე ჯდომა და ერთ-ერთის მშობელს, თანაც მის შვილსაც, რაღაც შეზღუდვა ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი როგორიც მეორეს,  უთქვამს უარი მასთან ერთად წყვილში თამაშზე. ეს ფაქტი რომ გავიგე, არ ვიცი რა დამემართა. არ მინდა, რომ ასეთთან თამაშობდესო ჩემი შვილიო. ზოგს სტერეოტიპულად ჰგონია, რომ გადამდებია, ან აიღებს მისგან რაღაც ჩვევებს, ან ისე დაიწყებს მეტყველებას. ეს ყველაფერი არის მითი აბსოლუტურად.

მსოფლიო დონის კვლევებმა აჩვენა, სადაც სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ის კლასი უფრო მეტად ტოლერანტულია, ვიდრე სხვა კლასი. ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიცაა ეს, რომ ინკლუზიური განათლების პროცესი დაჩქარდეს, რომ მივიღოთ მეტად ტოლერანტული თაობა, მიმღებლური, ემპათიურობა რომ გააჩნიათ და შედიან „მის ტყავში“ ასე ვთაქვათ და სწორი, ჯანსაღი დამოკიდებულება აქვთ. რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი, რომ შვილი ჯანსაღ გარემოში გეზრდება… თაობაა, მათზე დგას საქართველო და ხვალ ისინი იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. უკეთესობა გვაქვს წლიდან წლამდე და მედიასაშვალებები განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობთ ამაში.

როცა ადამიანს აქვს მოწყალე თვალებით მზერა შენს მიმართ, შენ მაშინ რას გრძნობ? ტალახში რომ ჩავარდე და ამოისვარო ყველა შენ გიყურებს, ჰგონიხარ ბინძური ადამიანი და საწყალი თვალებით გიყურებს, ამ დროს შენც რაღაც როლს ირგებ და მართლა გგონია, რომ ცუდი ტიპი ხარ. იმ რამდენიმე წუთითაც დაგრთგუნავს შენი მდგომარეობა, გაგაღიზიანებს, სტრესი შემოგეპარება, აღელდები, რომ საზოგადოებას აქვს ასეთი რეაქცია შენს მიმართ. ჩვენ საზოგადოების რეაქციებით ვმოქმედებთ ასე ვთქვათ და ჩვენი  განწყობები ხშირად დამოკიდებულია  საზოგადოების განწყობაზე.

რატომ აქვს საზოგადოებას ასეთი რეაქცია, როგორ ფიქრობთ?

ცოტა კომპლექსიანი საზოგადოება გვყავს… თავისუფლება შეზღუდული საზოგადოება ვართ თითქოს, აი როგორი იცი? თავისუფლება რომ ის ჰგონიათ, რასაც მინდა იმას გავაკეთებო. ალბათ, საბჭოურმა პერიოდმა დატოვა მათში ღრმად ის იარა, რომ ვიღაცის ნათქვამი უნდა აკეთო მუდმივად და არ გქონდეს შენი  საკუთარი აზრი, შეხედულება;  საზოგადოების, მასების დამოკიდებულებით იცხოვრო. ჩვენ არ ვადგენთ ყველა წესს და კანონს? ჩვენ ვწყვეტთ ხომ  რა კანონი გვექნება?  საზოგადოება წყვეტს ამ ყველაფერს და ჩვენ, რასაც ვქმნით, ისეთი საზოგადოება გვაქვს. ამიტომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება ჭირდებათ ამ ადამიანებს, რომ მეტად დაინახონ რა არის თავისუფლების ფასი.

როდესაც ვხედავ ხოლმე ვიღაცა გარიყეს, ვიღაცას დისკრიმინაცია მოხდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვგულისხმობ, ამ დროს გული მწყდება იმაზე, რომ ის ადამიანი, რომელიც როგორღაც სახლიდან გამოვიდა, მოაღწია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შენი  რეაქციით უკან გააბრუნე…

არ უნდა ვექცეოდეთ ხალხს ასე უდიერად, რომ შენი კაპრიზები დაიკმაყოფილო… არ გსიამოვნებს მისი დანახვა და ა.შ. შენი არ არის მარტო ეს სამყარო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითავისოს ყველამ.

რას ეტყოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს, რომლებიც დღემდე სახლში არიან  გამოკეტილები გარკვეული დაბრკოლებების შიშით?

ჩემი ერთი დღე მარტო სამსახურით და უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება.  ბევრი აქტივობაა შუალედში, რომლებიც დაგეგმილი არ არის და ექსტრემალურ სიტუაციაში მიწევს ხოლმე შეხვედრიდან შეხვედრაზე გადარბენა. როდესაც ამ შეხვედრებზე მივდივართ, ჩემი მისვლის შემდეგ იწყება შეზღუდული შესაძლებლობების განხილვა, ანუ ვეკითხები ხოლმე, იმ პროექტებში, ან პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საჭიროებები გავითვალისწინეთ? ის მცირე ხნით დანახვაც კი სხვანაირ აზრებს იწვევს ადამიანებში, დამოკიდებულებას ცვლის ადამიანებში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირები გარეთ იყვნენ, სახლებში კი არა. ისე იცხოვრონ, როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ცხოვრობს. ანუ გაისეირნონ პარკში, მერე რაა, რომ დამოუკიდებლად არ შეგიძლია თავიდან. მერე ცნობიერება იცვლება.

ვიღაც კითხულობს ეხლა ამ სტატიას და ფიქრობს:  ალბათ მდიდარია, ბევრი დამხმარე ჰყავს, ან სამეგობრო წრე ჰყავს დიდი… ალბათ ისეთ გარემოში ცხოვრობს, რომ მასთან არ არის გადაადგილება რთული…გამოდის, ალბათ ელექტრო ეტლი ჰყვას და უმარტივდება ამით ყველაფერი…

პირველად რომ გამოვედი, დამოუკიდებლად არ გამოვსულვარ, მექანიკური ეტლი მქონდა და რა თქა უნდა მეხმარებოდნენ. რამდენიმე წელში შევიძინე ელექტრო ეტლი, რომელიც უფასოა განცხადების შევსების საფუძველზე. და ამის შემდეგ, დამოუკიდებლად რომ გადავწყვიტე სიარული, მთელი ამბები იყო ოჯახში. მარტო როგორ უნდა წახვიდე, მათაც არ სჯეროდათ რაღაც მომენტში, რომ შევძლებდი.  მახსოვს რეაქციები ავტობუსში  რომ ავდიოდი.. მარტო ხარ შვილოო?  – მეკითხებოდნენ. ზოგი მოწყალებას გაიღებდა, ხურდებს ააჩხარუნებდა და ჩემი მკაცრი მზერის გამო  გადაიფიქრებდა. პირველად ავტობუსმა რომ არ გამიჩერა, ზუსტად 5 წუთიანი შოკი მქონდა.  ასეთი დამოკიდებულებები მე გავიარე. მეგობრები ყველას გვყავს და რაღაც მომენტში, ყველას გვჭირდება მათი დახმარება, მაგრამ ის, რომ ნულიდან დავიწყე მეც ყველაფერი, ეს არის რეალობა.  მაშინ მეც ვფიქრობდი შეიძლება სხვებივით, მაგრამ რომ გადავდგი ნაბიჯი და დამოუკიდებლობა შევიგრძენი, უკვე ჩემი შებრუნება უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე გამოსვლა მეორედ. მას შედეგ დავიწყე არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც ბრძოლა…

ზუსტად იმ პრინციპიდან გამომდინარე,  რომ საზოგადოების ეს დამოკიდებულება ადამიანს წირავს ტყვეობისთვის, სახლში ჯდომისთვის. შშმ პირები არ გვეყოლება, როცა ეს დამოკიდებულება შიცვლება. უფრო მეტი გამოვა გარეთ და შეძლებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მიუხედავად იმ დამცირებებისა, რომ ქუჩაში ვიღაც ავტობუსს არ გაგიჩერებს,  ან შეურაცმყოფელ სიტყვას გეტყვის, მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი უფრო გაძლიერებს. ჩემი მთავარი ოცნება და მიზანი არის, რაც შეიძლება მეტ ობიქტში, სადაც მე შევალ, თუნდაც თეატრში, კინოში, საბაგიროზე, თუნდაც ეშმაკის ბორბალზე, ყველგან მხვდებოდეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. გამოვიდნენ გარეთ, ვინც არიან სახლში. მრავალფეროვნება ქმნის ერთ მთლიანობას და ერთიანობაც მრავალფეროვნებაშია. რადგან შევძელი მე, ე.ი. შეუძლია ყველას.

ავტორი: მაია შავაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად