თინათინ ხიდაშელი: ტელევიზიები მარტო ჭორაობით არიან დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქართული ჯარის ადგილობრივი წარმოების პროდუქციით გამოკვებაზე და ქართული ჯარისთვის სამხედრო ფორმის ადგილზე დამზადებაზე გააკეთა განმარტება და მედია გააკრიტიკა.

მინისტრის თქმით, ტელევიზიები არ ინტერესდებიან ასეთი თემებით და ძირითადად, ჭორაობით არიან დაკავებული.

„ბევრ ადგილობრივ კომპანიას აქვს შემოტანილი ტენდერზე განაცხადი, იყო ამაზე ინფორმაცია მედიაში და იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით. ასეთი ამბები ტელევიზიებს არ გაინტერესებთ ხოლმე, მარტო ჭორებით ხართ, ძირითადად, დაკავებული", – აღნიშნა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, ქართული ჯარის ადგილობრივი პროდუქტებით გამოკვება ოპონენტებისთვის წარმოუდგენელია, თორემ ამ საკითხს ადრე მოაგვარებდნენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ 40 მილიონი, რომელიც ქართული ჯარის გამოსაკვებად წელიწადში იხარჯება, ადგილობრივ მეწარმეებს უნდა დარჩეთ.

"დარწმუნებული ვარ, ჩემი ოპონენტებისთვის ეს წარმოუდგენელია. რომ არ ყოფილიყო წარმოუდგენელი, თავად გააკეთებდნენ. ოპონენტების დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში ამ ორ უწყებას ხელმძღვანელობდა. მე მჯერა, რომ მათ ეს წარმოუდგენლად ეჩვენებათ. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმით განსხვავდება წინა ხელისუფლებებისგან, რომ უფრო მეტი რწმენა აქვს საკუთარ ქვეყანაში და საკუთარი ქვეყნის შესაძლებლობებში. მე მჯერა ჩემი ქვეყნის შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, ქართული ბაზარი, ქართული სოფლის მეურნეობა, იმ უზარმარი პროექტების გამო, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდა სოფლის მეურნეობაში, შეძლებს, თავის თავზე აიღოს ეს ვალდებულება. თუმცა იმისათვის, რომ პრობლემა არ შეგვხედროდა, პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული საჯარისო ნაწილების და მხოლოდ ხორცით მომარაგებაზე გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელიც გუშინ დასრულდა.

დღეს ან მაქსიმუმ ხვალ გამოვავლენთ გამარჯვებულს და ის შედეგები, რომლებიც ამ ტენდერის პირობებში მივიღეთ, გვაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ უკვე 2016 წლის პირველი იანვრიდან სრულად მოვიცვათ სეგმენტი“, – განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ბოსტნეულის, ხილისა და ქათმის ხორცის მომწოდებლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ქართულ სამშენებლო კომპანიებთან, ყველა სახის სამშენებლო მასალების მოწოდებასთან დაკავშირებით. თინათინ ხიდაშელმა მედიასთან სამინისტროს ახალი ინიციატივა გააჟღერა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ქართული ჯარისთის უნიფორმები საქართველოში დამზადდეს.

„გვსურს, ქართული ჯარის სამხედრო ფორმის წარმოებაზე ქართულ სამკერვალო კომპანიებთან დავიწყოთ საუბარი და საქართველოში შეიკეროს ფორმა, რომელიც ქართულ ჯარს აცვია. ეს არის შესაძლებელი. უბრალოდ უნდა მოვინდომოთ. 40 მლნ ლარს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ჩვენ ვუშვებთ გარეთ. ეს არის აბსურდი. როდესაც ხარ ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო. ძირითადად სოფლის მეურნეობით დაკავებული. ეს 40 მლნ უნდა დავტოვოთ ქვეყანაში და უნდა გავაჩინოთ მეტი შესაძლებლობა ქვეყანაში", – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...