თინა ხიდაშელი: სიკვდილის არ მეშინია, საავადმყოფოში შებრუნების მეშინია – აღარ მინდა

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი მდგომაროება გართულდა და თითქმის 4 თვე გაატარა სამედიცინო დაწესებულებაში.

თინა ხიდაშელი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ  ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა – თქვენ ამას ახლა თავად ნახავთ. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი – თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება… კი არ ცვივა – არა, არ ცვივა; უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება.

„ინფექციის წყარო არ ვიცი…  საავადმყოფოში კვლევის შედეგად გვითხრეს, რომ მე ვარ ოჯახში პირველი წყარო, დათოც, დედაჩემიც და ბავშვებიც ჩემი მსხვერპლი გახდნენ. საბედნიეროდ ჩემგან წასული ვირუსი სიყვარულით წავიდა და მათთან მიმართებაში ძლიერი არ აღმოჩნდა. ისინი ყველანი მარტივად გამოვიდნენ მდგომარეობიდან.

მეოთხე დილას უკვე ადგომაც კი გამიჭირდა. ჩემმა უფროსმა შვილმა და დათომ ხელი მომკიდეს და ძალით წამიყვანეს სამზარეულოში, დამსვეს სკამზე და ამის მერე საავადმყოფოში ვიყავი.

ფილტვები იყო მთავარი პრობლემა, თუმცა ძალიან სწრაფად დაიწყო სხვა ორგანოების ჩათრევა, პრაქტიკულად ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ორგანოს მკურნალობა გახდა საჭირო. ამ წუთას თირკმელი სერიოზულ პრობლემას მიქმნის. “კოშიგენის დაავადება” დამემართა სახეზე, რამაც სახის დეფორმაცია და გასიება გამოიწვია. სახის გასიება რომ ჩაცხრება, არ ვიცით სახე რა მდგომარეობაში დარჩება.
თმა არ ამომდის. 4 თვის წინ თმა შევიღებე და არ მაქვს არცერთი მილიმეტრი თეთრი თმა. საერთოდ არ ამომდის, არ იზრდება. ჩემი ექიმი ამბობს, რომ ყველას ხომ რაღაც დაემართა, აი, 10 პაციენტს ცალ-ცალკე ხომ რაღაც დაემართა, შენ ყველა ეს ათივე დაგემართაო. წარმოიდგინეთ, 4 თვე ცხოვრობთ კანკალით. სულ გაკანკალებთ, შინაგანი კანკალით და ასევე ფიზიკურადაც. ჩემით ვერ დავდივარ.  იყო წამი, როდესაც 2 ადამიანი მჭირდებოდა რომ გამევლო, ეხლა სიარულს ვახერხებ, უშუალოდ სიარულს, ოღონდ სიარულამდე უნდა მივიდე. ანუ ვერ ვდგები, მერე ჩემით ვერ ვჯდები.
დამჯდარ ან დაწოლილ მდგომარეობაში ვერაფერს ვერ ვახერხებ. ვერ ვმოძრაობ. მქონია, დილის 5 საათზე, ჩვეულებრივი კივილით ვიღვიძებ, იმიტომ რომ რაღაც მტკივა იმ მომენტში. მაგალითად, კოჭის ძვალი, თუკი რამე გამაყუჩებელი წამალი არსებობს ყველანაირს ვსვამდი, ნემსს ვიკეთებდი და საერთოდ არავითარი რეაქცია არ ქონდა არაფერს.

ფაქტობრივად არ ვსაუბრობდი, ერთ და ორ სიტყვიანი იყო ჩემი კომუნიკაცია დანარჩენ სამყაროსთან, იმიტომ რომ ვიღლებოდი, ერთი წინადადება იყო ისეთი ტიპის დაღლა, პულსი რომ გიმატებს და გული გიჩქარდება.
როგორც კი ფილტვის პრობლემა მოგვარდა და ამ წუთას მე ფილტვის პრობლემა მოგვარებული მაქვს, ამ ტიპის დაღლილობა არ არის, ისევე როგორც გონების პრობლემა მოიხსნა.
ერთი დილა გათენდა და მქონდა განცდა რომ ღრუბელი წავიდა… თვალებზე ბინდი მქონდა, გემო დაკარგული მქონდა დიდი ხნის განმავლობაში. მერე  ყველაფერი დამიბრუნდა, ტკბილის – თაფლის გემოთი. ახლა მარილის გემოთი მაქვს. ეს კატასტროფაა, მაგრამ, ნეტავი მარტო ეს პრობლემა მქონდეს.

…ყველაზე მეტად ეს მაწუხებს – ჯანდაცვის სისტემა რომ ეხმარებოდეს ამ ადამიანებს, აი ახლა, შედარებით მსუბუქი პერიოდი რომ იყოს, ან დამატებითი ტრენინგები რომ ჩაეტარებინათ ან დამატებითი შესაძლებლობები რომ მიეცათ მათთვის, მსოფლიოში საუკეთესო მედდები იქნებოდნენ ისინი პროფესიული თვალსაზრისითაც. დღეს გვყავს არანორმალურად კარგი მედდების კორპუსი, რომელსაც დამატებით, ოდნავ ხელის წაკვრა სჭირდება სისტემისგან, რომ იყოს აბსოლუტურად იდეალური. აი, ეს არ არის.

შემიძლია გითხრათ, სრული პასუხისმგებლობით, რომ ვერაფრით ვერ უნდა დაიმშვიდოთ თავი, რომ არასდროს არ ვყოფილვარ ცუდად, რომ ჯანმრთელი ადამიანი ვარ, რომ ძალიან აქტიური ვარ, რომ ძალიან სუპერ ვუფრთხილდები თავს და ყველა ზომას მივმართავ. არ არსებობს არცერთი უზრუნველყოფილი გარანტია, რომლის გამოც შეგიძლიათ იყოთ მშვიდად. ამიტომ, აცრა არის ერთადერთი პასუხი იმაზე, რომ სასიკვდილო და მძიმე შედეგი არ იყოს.

…იცით როგორი გზავნილები მომდიოდა მესენჯერში? – ჩემი კლასელები რომ თამაშობდნენ, პოლიციელი რომ უნდოდა გამოსულიყო ან ექიმი, ჩვენ თინა ხიდაშელი გვინდოდა გამოვსულიყავით და ახლა, არ გაბედო! აი, ამან ჯერ მომკლა, ამ გზავნილებმა. ამ ადამიანებმა გადამარჩინეს სინამდვილეში და ჩემმა ქმარმა(დავით უსუფაშვილი.რედ).

წელს ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს და დათოს თავიდან უნდა გავყვე ცოლად. ის რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ძალიან მარტივად მიმენებებინა ბრძოლისთვის თავი.
საავადმყოფოში ის დათო ვიპოვე 95- 94 წლებში რომ შემიყვარდა და რატომაც გადავწყვიტე ცოლად გავყოლოდი და ახლა თავიდან გავყვები ოქტომბერში ცოლად და ისევ ყველაფერს თავიდან დავიწყებ.

დედაჩემს ჩემი ცრემლები არ უნახავს, არავის ვუნახივარ რომ ვტიროდე, არავის ვუნახივარ ცუდად მყოფი, როგორ ცუდად არ ვყოფილიყავი, არასდროს არ ვაძლევ არავის უფლებას, რომ შევეცოდო. თურმე მან ეს ყველაფერი იცის და არ მომცა უფლება დისკომფორტი შექმნოდა. მასთან მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, საავადმყოფოში ექიმთან, ექთანთან კომუნიკაცია გახდა მარტივი.
მე ვერ გამოვიდოდი იქიდან ცოცხალი.
სიკვდილის არ მეშინია, არ მქონია ეს მომენტი, საავადმყოფოსი მეშინია. იმიტომ რომ აღარ მინდა, როგორც არის ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, ყველაზე მეტად შებრუნების მეშინია.
იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება აღარ დადგება. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს აღარ მოხდება. მაგრამ, რაღაცის მეშინია და სხვათა შორის მიხარია, 47 წლის ასაკში რაღაცის მე შემეშინდა.
მთელი ეს ისტორია, გამოცდილება სხვანაირად გაჩვენებს ყველაფერს, წინ რაც არის.

მე ჯერ დიდხანს ვაპირებ ცხოვრებას”, – აცხადებს თინა ხიდაშელი გადაცემაში “პოსტფაქტუმი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...