თინა ხიდაშელი: პრეზიდენტი რისხვაში მოჰყვა და კონსტიტუციას გაებუტა

პრეზიდენტი რისხვაში მოჰყვა და კონსტიტუციას გაებუტა ,-ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხს. როგორც ის სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე წერს, გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა აჩვენა, რომ უფლებამოსილების განხორციელებას ჯეროვნად ვერ ახერხებს.

“ანუ რა გვითხრა პრეზიდენტმა:
– უფლებამოსილების განხორციელებას ჯეროვნად ვერ ვახერხებ, ამიტომ თვითშეზღუდვაში ვიქნებიო;
– უფრო გასაგებად, კონსტიტუციით მინიჭებული ერთადერთი რეალურო უფლების გამოყენებაზე უარს ამბობს იმიტომ, რომ არ იცის როგორ გაართვას თავი;
– ამასობაში ის იცის, რომ არ იცის, მაგრამ რჩევის კითხვა, არც კი მოსდის აზრად და შეწყალების კომისიაზე არც ერთი სიტყვა. რად უნდა, ჯერ ეგონა თავად იყო ბრძენი, ახლა რისხვაში მოჰყვა და საერთოდ გაებუტა კონსტიტუციას;
– კიდევ ის გავიგეთ, რომ მედიას კრიტიკის კალენდარი დაუდგინა, გარეთ რომ ვარ ქვეყანას წარმოვადგენ, მე არა ვარ მეო და ამიტომ აჟიოტაჟებს მოეშვითო;
– და შინ რომ არის, მაშინ ვის წარმოადგენს ნეტავ რა ჰგონია?
#ორმოზდარვა”,-წერს თინათინ ხიდაშელი.

ცნობისთვის,  ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა ძებნილიც შეიწყალა.

“წინა ორი შეწყალებისგან განსხვავებით, მარიამობის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონტაქტი არ შემდგარა და ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტის ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც, 24-დან 23 პირი საპატიმროდან გათავისუფლდა, ხოლო ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, რადგან ის დღესაც ძებნილია”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის ამ ძებნილის დანაშაული და შეუძლია თუ არა მას, ამ ადამიანის გვარი თქვას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ დანაშაული იყო მითვისება-გაფლანგვა, ხოლო რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და მას ვერ დაასახელებს.

„თუ სწორად მახსოვს, ეს მითვისება-გაფლანგვა უნდა იყოს. ეს ადამიანი დაახლოებით, 2009-2010 წლებიდან არის გაუჩინარებული და ძებნილია. რაც შეეხება გვარს, ეს პერსონალური მონაცემია და ვერ დავასახელებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია. ეს კანონით აკრძალულია და ამ ადამიანის ნებართვაა საჭირო იმისთვის, რომ გვარი გავამჟღავნო. რეალურად, იმ 24 მსჯავრდებულიდან უფრო მეტი იქნა შეწყალებული, მაგრამ დანარჩენები პრობაციონერები იყვნენ და ამიტომ, მათზე დღეს არ მისაუბრია“, – განაცხადა წულუკიანმა.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად