თინა ხიდაშელი: პირობა დავდე და შევასრულებ – სპეცუბნები და ჰაუპტვახტები გაუქმდება!

"როდესაც თავდაცვის მინისტრი გავხდი, პირველივე დღეს განვაცხადე, რომ მინისტრობის პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ორი საკითხი, რომელსაც მუდმივადვებრძოდი, ეს არის სპეცუბნები და ჰაუპტვახტები და ორივე გაუქმდება ჩემი თავდაცვის მინისტრობის პირობებში-თქო. პირობა დავდე და, რა თქმა უნდა, შევასრულებ",-განაცხადა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20:30“-ის ეთერში სპეცუბნების თემაზე დასმული კითხვის პასუხად. საქართველოს თავდაცვის მინისტრმაგადაცემაში სპეცუბნების შესახებ მისი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის დეტალებზეც ისაუბრა.

"ამ თემაზე, ძირითადად, სამი მიმართულებით შეგვიძლია ვისაუბროთ. პირველი, სპეცუბნები გაუქმდება. მეორე, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემის საკითხი. ხმის მიცემა, როგორც წესი ხორციელდება ადამიანების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ეს წესი ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეებზეც, მაგრამ სამხედრო სამსახურს თავისი სპეციფიკა აქვს და არსებობს აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ვერ დატოვებს სამხედრო ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში, ეს ახალგაზრდები ვერ წავლენ სახლში და ხმა ვერ მისცემენ საკუთარი საცხოვრებლის მიხედვით. ამიტომ, ამგვარი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ვინც იმ დღეს იქნება განაწესში, იქნება შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით ისარგებლონ და ხმა იმ სამოქალაქო უბნებზე მისცენ, რომლებიც სამხედრო უბნებთან ყველაზე ახლო მდებარეობს.

მესამე საკითხი გადასატან ყუთს ეხება – ის იმ ფორმით, როგორც მანამდე არსებობდა, აღარ იარსებებს და სამხედრო ნაწილებში მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული – საავადმყოფოში ან ლაზარეთში მყოფი პირებისთვის, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ არჩევნების დღეს გადაადგილება. ამიტომ იმ მინიმუმსაც კი, რომელიც ყველა არჩევნებში ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევდა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ასევე აძლევს ხმას, ჩვენ გამოვიყვანთ ამ მდგომარეობიდან. არჩევნების დღეს მორიგეობას დავაწესებთ სამხედრო უბანზე იმისათვის, რომ სამხედრო ნაწილი არ დარჩეს სამხედრო მოსამსახურეების გარეშე, იმ 50 თუ 60 კაცსაც მივცემთ შესაძლებლობას, ერთი-ორი საათით დატოვონ ტერიტორია და ხმა მისცენ სამოქალაქო უბანზე“,- განმარტა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია ჯარისკაცებს არ შეეზღუდოთ უფლება, პარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის გარდა ხმა მაჟორიტარსაც მისცენ, რადგან, მაჟორიტარი, როგორც წესი, პარლამენტში მთელი ქვეყნის დეპუტატია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...