თინა ხიდაშელი: არ ვიცი, ამ ჩემს გზავნილს როგორ გაიგებენ, მაგრამ უნდა დავწერო

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ მისთვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება, „რესპუბლიკური“ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

თუმცა, ხიდაშელი აცხადებს, რომ ყველას უნდა შეეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა. 

„არ ვიცი ეს ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. სწორედ იმიტომ, იმავე მიზეზით და ღირებულებებით რის გამოც დღევანდელი გადაწყვეტილება მივიღე. არსებობს ამ ქვეყნად ღირებულებები, ადამიანის არჩევანის პატივისცემა, მეგობრობა ბოლომდე, ერთგულება წარსულის და ფიქრი მომავალზე, რომელიც ზუსტად არ წარსულის ნაყოფია და მასზე შენდება. გიგლა ჩემი მეგობარია, არა ერთი წლის და ერთი დღის. არც პოლიტიკაში დავმეგობრებულვართ. მან სხვა არჩევანი გააკეთა და რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს არჩევანი (ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ აღარ ვართ დღეიდან ერთად საქმეში), უნდა შეგვეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა. პოლიტკური პარტიის მანდატი არ სძენს ადამიანს ღირსებას, ან არ აქცევს უღირსად, მისი საქციელი და პრინციპების ერთგულება აქცევს ასეთად. ძალიან მჯერა, რომ გიგლა ზუსტად აქ იქნება მუდამ, რომელი პარტიის მანდატიც არ უნდა ჩაიდოს ჯიბეში. სხვა საკითხია მომენტის მნიშვნელობა, რამდენად გჯერა მისი ნაბიჯის სისწორის, მაგრამ ყველას მინდა გთხოვოთ, სანამ საყოველთაო დაგმობის კამპანიაში ჩაერთვებით, გვერდზეც მიიხედმოიხედეთ, წესიერი ადამიანების დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში. დათომ კი თქვა დღეს პოლიტიკა სენტიმენების სფეროდან არ არის, მაგრამ მე მაინც მჯერა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, მსგავსი ღირებულებების და პრინციპების ადამიანების დზების მუდმივი თანაკვეთის, მათ შორის პოლიტიკაშიც“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. 
გიგლა აგულაშვილმა კი, „რესპუბლიკური“ პარტია დატოვა და „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. აგულაშვილი მინისტრის პოსტზე რჩება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად