თინა ბოკუჩავა: ზურაბიშვილთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავთ, ის ნომინალური ფიგურაა (ინტერვიუ)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, თუ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის რეალობა დადგება, მას მაინც არ შეხვდებიან, რადგან ის ნომინალური ფიგურაა, თუმცა ხელისუფლებასთან და პირადად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამენ.

როგორც ბოკუჩავამ „აიპრესთან“ ინტერვიუში თქვა, არაცივილიზებული ის კი არ არის, როცა გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, არამედ ის, რომ ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა და ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის უპრეცენდენტო მოსყიდვასა და დაშინებას.

როგორ აფასებთ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარებას?

ძალიან ნეგატიურად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ინაუგურაცია დედაქალაქში არ გაიმართება. ინაუგურაცია ყოველთვის დედაქალაქში იმართებოდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თავად ივანიშვილსაც კარგად ესმის, რომ ეს არჩევნები მან მოიპარა. ქართველ ხალხს მოპარა არჩევანის საშუალება და სალომე ზურაბიშვილი არ არის ხალხის პრეზიდენტი და პირადად ივანიშვილის პრეზიდენტია. მისი ხელდასმული პრეზიდენტია. ესეც მიზეზია იმისა, რომ თელავში იმართება ინაუგურაცია და დედაქალაქში არ აპირებს ინაუგურაციის ცერემონიის ჩატარებას.

ხომ არ გეგმავთ, რომ 16 დეკემბერს დაანონსებული აქცია თელავში გადაიტანოთ?

ნამდვილად ვადასტურებ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები იმის შესახებ, რომ თუ რა ტიპის საპროტესტო მოქმედებები უნდა განახორციელოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არის ერთობა, სადაც შედის 11 პარტია ოფიციალურად, ასევე კონსულტაციებში არიან სხვა პარტიებიც. შესაბამისად ჩვენ გადაწყვეტილებებს ასეთი კონსულტაციების შედეგად ვიღებთ. შესაბამისად 16 დეკემბრის ფორმატი, მასშტაბი და ლოკაცია იქნება შერჩეული ერთობლივი გადაწყვეტილებების შედეგად.

ხომ გეგმავთ, რომ ინაუგურაციის ჩაშლის გზით წახვიდეთ?

ჩვენი ამოსავალი წერტილი არ არის არანაირი დესტაბილიზაცია, ან რაიმე ტიპის დაძაბვა, ჩაშლა და ა. შ. რასაც მრავალი წელია პედალირებს ხელისუფლება. ჩვენი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მარტივად გაიგოს ქართველი ხალხის ხმა, მათ შორის გაიგოს იმ 800 000 ამომრჩევლის ხმა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოსყიდვისა და დაშინების მიუხედავად უარი უთხრა. ასე, რომ ჩვენი მიზანი, რომელიც ამ აქციას დაუკავშირდება არის ის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს მკაფიო გზავნილი. ეს არის ჩვენი ქმედებების ამოსავალი წერტილი.

საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ დარღვევებზე, მაგრამ ფაქტია, მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. თქვენ როდემდე არ აპირებთ რომ აღიაროთ შედეგები?

არჩევნების აღიარება ან არაღიარება ხდება ერთჯერადად და ჩვენც გავაკეთეთ ეს. რაც შეეხება არჩევნების შემდგარობის ან არშემდგარობის საკითხს, არჩევნები ასევე ტარდება რუსეთშიც. პუტინიც ატარებს ე.წ. არჩევნებს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში ზიან. ასე, რომ სრულიად ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი ტარდება ფორმალურად არჩევნები, გარკვეულწილად კომუნისტური პარტიაც კი ატარებდა.

მაგრამ მთავარია ის, რამდენად ასახავს დემოკრატიული არჩევნები ამომრჩევლის ნებას და რამდენად ჰქონდათ ადამიანებს, რომ თავიანთი არჩევანი ზეწოლის, შიშის გარეშე გაეკეთებინათ და ხმის ფარულობის შედეგად. არცერთი პრინციპი, რომელიც ჩამოვთვალე ამ არჩევნებზე დაცული არ იყო. შესაბამისად, ჩვენ ვერ და არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს. ამ გადაწყვეტილების ანატომია არის ეს.

თუ დადგება ასეთი რეალობა, რომ არჩეული პრეზიდენტი მოინდომებს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას, თქვენ მასთან მიხვალთ და დაელაპარაკებით?

ჩვენ გამოვაცხადეთ სრული მზაობა იმისთვის, რომ კონსულტაციებზე მოგვეწვია ხელისუფლება. ჩვენ ამ სურვილს ძალიან ბევრჯერ გავიმეორებთ. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, უმჯობესია ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდეს და ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. თუმცა ხელისუფლება უარს აცხადებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე.

თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდე, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ან თავად ივანიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ნომინალური პრეზიდენტია. მას არავითარი მანდატი არ გააჩნია, ის არც ხალხს აურჩევია, ბიძინამ დასვა პრეზიდენტის სკამზე. ივანიშვილიც მას არანაირ დამოუკიდებელ მანდატს და უფლებამოსილებას არ აძლევს, მათ შორის ვნახეთ იმ გადაწყვეტილებით, როცა მას მკვეთრად შეუმცირეს ბიუჯეტი იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს ხელ-ფეხ შეკრული. ასე, რომ ეს ფიგურა სრულიად ნომინალურია, შესაბამისად მასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდა მოლაპარაკება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძემ მაღიაროს და მზად ვარ ინაუგურაციაზე მოვიწვიოვო. ამაზე უარყოფითი იყო ვაშაძის პასუხი. რამდენად სწორად მიგაჩნიათ თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ სხვა პოლიტიკური ხედვა დაგენახებინათ დასავლეთისთვის, რომ სხვანაირად უყურებთ საკითხს?

მაინც როგორ?

უფრო ცივილიზებულად.

რა არის არაცივილიზებული ჩვენს ქმედებებში?! მაშინ როდესაც ე.წ. არჩევნები სრულიად არაცივილიზებულ გარემოში ჩატარდა, სადაც ადამიანებს აშინებდნენ, იყიდეს ხმები და დაატრიალეს კარუსელი, მათ შორის თეა წულუკიანის მიერ დაბეჭდილი ყალბი პირადობების მოწმობების თუ ვადაგასული პირადობებით.

მე არ მესმის, როგორ შეიძლება შევაფასო ცივილიზებულად და ისეთი ნაბიჯები, რომელიც ითვალისწინებს ყველა მშვიდობიან და ლეგიტიმური გზა, არ დავუშვათ არჩევნების მოპარვის პრეცენდენტი. თუ ამაში რამეს არაცივილიზებულად აფასებთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის მეთოდები უნდა იყოს არაცივილიზებულად შეფასებული. დამეთანხმებით ალბათ, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებშიც იყო აღნიშნული ერთსულოვნად.

არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში უპრეცენდენტო მოსყიდვის ოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა. ასევე უპრეცენდენტო იყო ის ზეწოლა, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა. მათ შორის საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე „ძველი ბიჭების“ და კრიმინალების გამოყენებით, რომლებიც მოქმედებდნენ საჯარო მოხელეებთან ერთად. რიგ შემთხვევებში პარლამენტის წევრებთან ერთად, როგორიც იყო ბოლნისში და ახალქალაქში. ვნახეთ, რომ მკოიანი არ ერიდებოდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწორი შეფასებები მივცეთ ამ ქმედებებს საზოგადოების წარმომადგენლებმა იმისათვის, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს სამომავლოდაც, რომ ასეთი მოქმედებებით იმოქმედოს. მათ შორის იძალადოს მოსახლეობაზე. არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციონერები არიან თუ ხელისუფლების წარმომადგენლები. იმიტომ, რომ ასეთი არაცივილიზებული ქმედებები დააზარალებს ქვეყანას.

ამომრჩევლის ნების კონტროლზე დიდი ხანია არის საუბარი მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც. სუს-ის მიერ ამომრჩევლის ნების კონტროლზე საუბრობდა ახლანდელი თქვენი პარტნიორი და მაშინდელი კოალიციის სუბიექტი „რესპუბლიკური პარტია“. როგორ წარმოგიდგენიათ ამის პრევენცია?

ამის პრევენცია უნდა მოხდეს ისე, რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს. პოლიტიკური პოლიცია არ უნდა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. პოლიციამ უნდა განახორციელოს თავისი კანონიერი უფლებამოსილებები და არა ის, რომ განახორციელოს ოპოზიციის დევნა და არჩევნებში ჩართვა, რასაც კონკრეტულად სუს-ი აკეთებდა. ასე უნდა მოხდეს.

ჩვენ ამის კონკრეტული გეგმაც გაგვაჩნია, რომელიც საზოგადოებას გავაცანით სხვა ნაბიჯებთან ერთად. როგორიცაა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, როგორიცაა გენერალური პროკურორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩევა, როგორიც არის გენერალური აუდიტორის ოპოზიციის მხრიდან დანიშვნა და მრავალი სხვა, რაც მოსპობდა იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც წლებია ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამით ხელი უნდა გაეხსნას ქვეყნის განვითარებას, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ. ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებს ხელისუფლება ამის გარეშე ვერ და არ შეძლებს, იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ განავითაროს ეკონომიკა, დაკავებულია იმით თუ როგორ გაუზარდოს სუს-ს დაფინანსება, რომ მან უკეთ გააკონტროლოს ადამიანის არჩევანი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...