თინა ბოკუჩავა: “ენმ” კიდევ ერთხელ ხდება ყალბი დანაშაულებრივი კამპანიის სამიზნე “ქართული ოცნების” სპეცსამსახურების მხრიდან

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით,  რამდენიმე რეგიონში პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უცნობი პირი დაუკავშირდა და მათ ყალბ ინსტრუქციებს აძლევდა.

ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული პირი ენმ-ის წევრებს გიორგი ნოზაძის სახელით გაეცნო და მისცა მითითებები, რომელიც არჩევნების საბოტაჟს, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის განხორციელებას ითვალისწინებდა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საგამოძიებო უწყებებს საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდებს და გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

“გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანში, დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ მას ჰქვია გიორგი ნოზაძე, ტელეფონის ნომრიდან – 551 15 49 73. ის იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს “ნაციონალური მოძრაობის” საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის მითითებებით. ეს პიროვნება არის სავარაუდოდ ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სუს-მა საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით. ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რომ გამოიძიონ აღნიშნული საკითხი”, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ტელეფონის ნომერი არა გიორგი ნოზაძეზე, არამედ ვინმე ალუდა ჯანხოთელზეა რეგისტრირებული, რომელიც ცესკო-ს სიაში არ იძებნება.

თინა ბოკუჩავა პასუხისმგებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს და ამბობს, რომ უწყება მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.

“კარგად გვესმის, რომ ეს სუს-ის პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რომ “ქართული ოცნება” აგებს 31 ოქტომბრის არჩევნებს, ამ არჩევნებს იღებს დღევანდელ ოპოზიციაში მყოფი ძალები და რა თქმა უნდა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და ივანიშვილის მთავარი მეტოქე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთხელ ხდება ყალბი დანაშაულებრივი კამპანიის სამიზნე “ქართული ოცნების” სპეცსამსახურების მხრიდან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად