თინა ბოკუჩავა: ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით ხდება როტაცია მთავრობაში

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სამთავრობო გუნდი არ არსებობს და მინისტრებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების მიხედვით მიიღება.

როგორც თინა ბოკუჩავამ დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან არ ამოდის და ამის გამოა შექმნილი ქვეყანაში ღრმა კრიზისი.

“არანირი გუნდი არ არსებობს, და გუნდი გადაწყვეტილებას არ იღებს, პირადად ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ უნდა პრემიერი.  საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით ხდება როტაცია მთავრობაში. ამ შემთხვევაში, საკუთარ პირად ექიმს ანაცვლებს სტომატოლოგით, რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პირადი ლოიალობა და რაღაც პირადი ვიწრო ინტერესები. ამიტომ არის, რომ ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისშია, ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ საკუთარი ლოიალობით საზღვრავს, ვინ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ თანამდებობას მთავრობაში”-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობიდან წავიდა.

ცნობისთვის, დავით სერგეენკო 25.10.2012 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

12.07.2018 წლიდან კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს წარმოადგენდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად