თევზაძე: ქსუ-ში სწავლა მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებით დაიწყება

ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მომავალმა რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს კარს გაუღებს 2020 წლის შემოდგომაზე. 2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტი კარს გაუღებს ახალგაზრდებს სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ეს არის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამები. ამის შემდეგ უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების სტრატეგიის მიხედვით შემდგომ წლებში უნივერსიტეტს დაემატება როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე გაფართოვდება შემოთავაზებული სპეციალობების სპექტრიც… უნივერსიტეტი ახალგაზრდებს შესთავაზებს საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნივერსიტეტში კარი იქნება ღია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის ხოლო სწავლებაში ჩართულები იქნებიან ქართულ აკადემიურ პერსონალთან ერთად უცხოელი პროფესორები…

საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება სტანდარტული ვაუჩერი, რომელიც სრულად დაფარავს სწავლის დაფინანსებას, რომელსაც ახალგაზრდები მიიღებენ ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უცხოელების შემთხვევაში იქნება განსხვავებული… ლექტორთა რაოდენობა დადგინდება საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურიდან გამომდინარე.

პირველ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება მთელ რიგ უცხოელ პროფესორებთან, რომელთგანაც საბოლოო დადასტურებას ველოდებით, საბოლოო რიცხვი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რამდენი ლექტორი იცხოვრებს ფიზიკურად ქუთაისის კამპუსში და ჩაატარებს ლექციებს აუდიტორიაში, ხოლო რამდენი ლექტორი შეძლებს ლექციების ჩატარებას ონლაინ მეთოდით.

ყველა ქვეყნიდან საერთაშორისო წამყვანი სპეციალისტები, თუმცა თქვენ იცით, რომ უნივერსიტეტი პირველ წელს ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები მომზადებულია მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამიტომაც ჩვენი ინტერესი არის და ასევე არის შეხვედრითი ინტერესი გერმანული მხრიდან, რომ მოხდეს მათ შორის მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ჩართვა სასწავლო პროცესში. უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაცხადებთ საჯარო კონკურსს ქართველი აკადემიური პერსონალისთვის“ – განაცხდა ალექსანდრე თევზაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის მიმდებარედ, მუხნარის ტყეში მშენებარე კომპლექსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებმა და საქართველოში მყოფმა გერმანელმა მეცნიერებმა დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად