თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავებისთანავე ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის 20-მდე დადგენილება გააუქმა

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების პირველივე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-მდე დადგენილება გააუქმა.

ჯო ბაიდენმა გააუქმა დონალდ ტრამპის 2020 წლის ივლისის დადგენილება ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ და გასცა განკარგულება კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასთან კვლავ მიერთების თაობაზე.

ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გააუქმებული ეკოლოგიური ნორმების აღდგენის შესახებ და დაავალა შესაბამის სააგენტოებს უკან გამოითხოვონ მილსადენ Keystone XL-ის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა.

დონალდ ტრამპს თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა მიაჩნდა. მშენებლობისთვის თანხის გამოყოფაზე კონგრესის წინააღმდეგობა ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და სახსრების კონგრესის ნებართვის გარეშე გამოყოფის გზით მიაღწია.

ჯო ბაიდენმა გააუქმა ტრამპის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და შეაჩერა კედლის მშენებლობა. წინა დღეებში ჯო ბაიდენს გაცხადებული ჰქონდა, რომ არ გამოსცემდა უკვე აშენებული კედლის (ამ დროისთვის ~730 კმ სიგრძეზეა კედელი აშენებული – „აიპრესი”) დანგრევას.

ჯო ბაიდენმა გააუქმა ტრამპის განკარგულება ირანის, ლიბიის, სირიის, იემენის, სომალის, ჩადის და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ.

ჯო ბაიდენის მიერ ოვალური კაბინეტის დაკავებისთანავე გამოცემულ განკარგულებათა მნიშვნელოვანი ნაწილი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ჯო ბაიდენის განკარგულება ყველა ფედერალურ დაწესებულებაში მომუშავე პირთა მიერ სამედიცინო ნიღბის ტარებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ყველა ამერიკელს მისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში სამედიცინო ნიღბის ტარების შესახებ თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად