თეთრა მღვიმე – ახალი ტურისტული მიმართულება იმერეთში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ დავით იოსებაშვილთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ გრიგოლ იოსელიანთან ერთად, ახალი ეკოტურისტული ობიექტი – თეთრა მღვიმე დაათვალიერა.

„დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ბოლო წლებში, ძალიან ბევრი ბუნებრივი ძეგლი აღადგინა, მათ შორის მღვიმეები, და ინფრასტრუქტურა მოაწყო. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა. თეთრა მღვიმე ერთ-ერთია, რომელიც სწორედ კერძო ინიციატივით მოეწყო. ეს არის ახალი სიტყვა ეკოტურიზმში; აქ მოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ არა მარტო მღვიმე, არამედ დააგემოვნონ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
თეთრა მღვიმე ვიზიტორების მიღებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულში მდებარე მღვიმე 30 000 წლის წინანდელ ისტორიას ინახავს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.
თეთრა მღვიმე იქნება პირველი ეკოტურისტული სივრცე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში, სადაც დაინერგა საკმაოდ წარმატებული და მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას. მღვიმე ვიზიტორებს სპელეოგამაჯანსაღებელ სეანსებსაც შესთავაზებს, რაც განპირობებულია მღვიმის სპეციფიკური ჰაერით.
თეთრა მღვიმე, ელექტრონული აუქციონის შედეგად, 2019 წელს იჯარის ხელშეკრულებით გადაეცა შპს „თეთრა ჯგუფს“. მეიჯარე კომპანიის მიერ, ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში, თეთრა მღვიმის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაში 400 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
თეთრა მღვიმის დირექტორის, გიორგი ტყაბლაძის განცხადებით, მღვიმეში მოხდა ჭერისა და კედლების ვანდალური კვალისაგან გაწმენდა, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გასუფთავება, ვიზიტორთათვის მოეწყო ეკოტურისტული სივრცეები. აქ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მღვიმის უნიკალურ ისტორიას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა/განვითარებას. აღსანიშნავია, რომ პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეების მსგავსად, თეთრა მღვიმეს კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და შესაძლებლობას იძლევა წვლილი შეიტანოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

კომენტარები
იტვირთება...