თეონა გეგელია: ”იმედზე” გადაცემას აღარ წავიყვან, ვუერთდები „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროტესტს

თეონა გეგელია „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროტესტს უერთდება და წერს, რომ ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემას აღარ წაიყვანს. როგორც გეგელია სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე განმარტავს, ის ვებგვერდ imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად რჩება.

“აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე“, მაგრამ ვრჩები ტელევიზიის საინფორმაციო ვებგვერდის imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად და ვუერთდები „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროტესტს. არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას. „მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“ #აქიმედია”,-წერს თეონა გეგელია სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია ” იმედის” ჟურნალისტთა ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ტელეარხის ეთერში მომზადებულ მასალას და რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსიას არ იზიარებს.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია“იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა აიღო. მისი განცხადებით, სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, რომლის ავტორი მერაბ მამარდაშვილია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად