თეონა აქუბარდია: “ოცნებაში” არავინ მეგულება, ვინც აშშ-თან კომუნიკაციას მაღალ დონეზე შეძლებს

“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის “მიყიდვა” ხდება, რომ კონგრესმენები ინფორმირებულები არ არიან და ეს ენმ-ის ბრალია.

ასე გამეხმაურა “აიპრესთან” აქუბარდია იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება ამერიკელ კონგრესმენებთან პირდაპირ დიალოგზე გადადის.

კითხვაზე, ეს უარესია? – პასუხობს, რომ გააჩნია რა არის ქართული ოცნების მიზანი.

„აქ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მიზანი. თუ ქართული ოცნების მიზანი არის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად, მაშინ ეს გასაგებია. მიზანი, რომ ეს არის ჩანს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებით და თუ თავიდან დავიწყებთ, თავად ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებს და შემდეგ გადააგდო იმის გამო, რომ დაინახეს, რომ ისინი ვერ აიღებდნენ უმრავლესობას. თუ მისი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა, ეს გასაგებია მისი მიზნიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც საუბარია ქვეყანაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე, მაშინ ეს არასწორია. სწორედ დემოკრატიული ღირებულებებია ის, როდესაც საუბარია საქართველოს დასავლურ ოჯახში ინტეგრაციაზე.

თუ ვერ ვხედავთ იმას რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიას, ეს დაგვაახლოვებს იმ ქვეყანას, რომელიც თავისი აგრესიული პოლიტიკით ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მცოცავ ანექსიას. გზავნილი, რომ პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა და არა დემოკრატიის პრობლემა, ემსახურება იმას, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება. სხვა ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს.

სიმართლე გითხრათ, მე ველოდი სხვა ტიპის ნაბიჯს და ძალიან მინდოდა, რომ ასეთი ყოფილიყო და არა ის, რომ თითქოს სენატორებს სიცრუეში აცხოვრებენ. მე არ მეგულება ქართულ ოცნებაში არავინ, ვინც სტრატეგიულ პარტნიორთან კომუნიკაციას შეძლებს მაღალ დონეზე. ეცდებიან დააჯერონ მეგობარი ქვეყნის კონგრესმენები იმაში, რომ რასაც ისინი ფიქრობენ, ეს ასე არ არის, მაგრამ ამით თავს კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებენ. ნდობა დაიკარგება და ეს არის ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად