თეონა აქუბარდია ნიკა მელიას: კიდევ ერთი შეცდომაა, როცა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებაზე უარს ოპოზიციური პარტია ამბობს

კიდევ ერთი შეცდომაა, როცა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებაზე უარს ოპოზიციური პარტია ამბობს, – ასე პასუხობს საპარლამენტო ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას.

“კიდევ ერთი შეცდომაა, როდესაც შეგვიძლია ოპოზიციას პარლამენტში საპატარლამენტო ბერკეტების გამოყენება და ამაზე უარს ოპოზიციური პარტია ამბობს და არამხოლოდ სახელისუფლებო.

ვერ გავიზიარებ იმას, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური საპატარლამენტო პარტიის ლიდერი პარლამენტს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობას უწოდებს, იმ ფონზე როცა მნიშვნელოვანი შემადგენლობაა იქ ოპოზიციური პარტიების.

მით უფრო ვერ გავიზიარებ პარლამენტისადმი ამ დამოკიდებულებას, მაშინ როცა ისინი პარლამენტში შემოვიდნენ და შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
პარლამენტში პოლიტიკური დებატის გასამართად ოპოზიციას სჭირდება 38 დეპუტატის ხელმოწერა სხდომის მოწვევისთვის.

სუს-ის უფროსის დასაბარებლად სესიაზე 50 ხმაა საჭირო… საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ასევე 50 ხმაა. 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაც სწორედ იმიტომ გადავდეთ, რომ იმ პერიოდში ( ნაციონალების ბოიკოტი პარლამენტს) ეს 50 ხმა არ გროვდებოდა.

შესაბამისად ახლაც ტოტალურ ფარულ მიყურადების გამო სუს-ის უფროსის დაბარებაზე უარს ამბობს არამხოლოდ ქართული ოცნება, არამედ ნაციონალური მოძრაობაც.

დიახ, 2 ოქტომბერს არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება მნიშვნელოვანი გზაა მის საბოლოო შესაცვლელად. თუმცა 1 დღე პარლამენტში სხდომისთვის მოსაცლელად ამ პროცესს არათუ დააზიანებდა, პირიქით დაეხმარებოდა”, – წერს თეონა აქუბარდია Facebook-ში.

ცნობისთვის, “ლელო” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და საკანონმდებლო ორგანოში სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს. რაზეც ნიკა მელია ამბობს: 2 ოქტომბრამდე ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად ენმ-ის არცერთ დეპუტატს არ სცალია

კომენტარები
იტვირთება...