თეონა აქუბარდია: ის რაც ახლა თბილისში ხდება არის კლასიკური რუსული ჰიბრიდული ომის გამოხატულება

თბილისის ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება.

“ის რაც ახლა თბილისში ხდება არის კლასიკური რუსული ჰიბრიდული ომის გამოხატულება. ეს არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე, ჩვენს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, მედიაზე, ჩვენს საგარეო ვექტორზე. თავდასხმა მოქალაქეებზე, აგრესია ჟურნალისტებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ყველაფერ იმაზე, რისკესაც მივისწრაფით.

ეს ორგანიზებული აგრესიული ბრბო ცდილობს წაგვართვას ის, რისთვისაც ამდენი ომი გადავიტანეთ და რისთვისაც ამდენმა საქართველოს მოქალაქემ გაწირა თავი. ამ ბრბოს არ ჰქონია რეაგირება არც მცოცავ ოკუპაციაზე და არც ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე.

ჰოდა როცა მთავრობა სიტყვიერად გვეუბნება რომ ებრძვის ჰიბრიდულ ომს და მეორე ხელით ახალისებს და ხელს უწყობს ამ ამბავს ( დღევანდელი პრემიერის განცხადება საკმარისია, თუმცა გავრცობა მარტივად შეიძლება) კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ რისკებს, რის წინაშეც არის ჩვენი ქვეყანა და იმ მოქმედებების აუცილებლობას, რამაც არ უნდა მისცეს ამ ჯგუფს წაგვართვას ის, რასაც ვფიქრობ ვიმსახურებთ წლების მანძილზე.”

5 ივლისს თბილისში “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურად განწყობილი ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, მათ იძალადეს ჟურნალისტებზე, დაარბიეს მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

პრაიდის ორგანიზატორებმა ამ ეტაპზე “ღირსების მარშის” გაუქმება გადაწყვიტეს.

 

კომენტარები
იტვირთება...