თეო ხატიაშვილი: ჰომოსექსუალია თუ არ არის ჰომოსექსუალი, ფილმი მაყურებელს ემოციურად ძალიან დამუხტავს

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ კინოთეატრებში ჩვენებასთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში გამართულ ძალადობრივ აქციებს, ექსტრემისტული ჯგუფებისგან ორგანიზებულად მიიჩნევს. კინომცოდნე ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებით უფრო ნათელი გახდა ის განწყობები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობს, მსგავსი განწყობების ჯგუფებისგან.

„იმის მიუხედავად, რომ გუშინ ეს ადამიანები იკრიბებოდნენ კინოთეატრებთან, მაინც მეგონა, რომ ჩვენება ჩაივლიდა მშვიდად. მაგრამ, რაც შემდეგ ვნახე, ძალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა ამ ყველაფერმა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ნამდვილად არის ჰომოფობია ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, ასეთი ექსტრემისტული გამოვლინება ძალიან ცოტა ადამიანების მხრიდან ხდება“,-ამის შესახებ თეო ხატიაშვილმა, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ისაუბრა.

გადაცემაში ხატიაშვილმა, ფილმის შინაარსობრივ დატვირთვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემების გარდა, მასში ჭარბი დოზითაა გადმოცემული ქართული კულტურა.

„სხვათაშორის, ეს არის ის ფილმი, რომელიც ფართო აუდიტორიას დააინტერესებს. მსახიობები არიან არაჩვეულებრივები. ქართული კულტურაა მათ შორის ძალიან კარგად წარმოდგენილი, შეიძლება ითქვას, ცოტა ჭარბი დოზითაც კია ცეკვები და სიმღერები, მაგრამ ორგანულად ჯდება სიუჟეტში. ეს ყველაფერი ისეა შეფუთული, რომ იქნება ეს კინოს სპეციალისტი თუ უბრალო მაყურებელი, ჰომოსექსუალია თუ არ არის ჰომოსექსუალი, მას დააინტერესებს. ემოციურად ძალიან დამუხტავს“,- ამბობს, თეო ხატიაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად