თენგიზ ცერცვაძე: წელს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ გრიპის ვაქცინაცია ყველამ ჩაიტაროს

“თეორიულად, თვითონ ვირუსი შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ამისი ნიშნები ჯერჯერობით არ არის”.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ  “საქართველოს პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ გრიპისა და კორონავირუსის ზედდება თავიდან იქნას აცილებული, სასურველია, მოქალაქეებმა გრიპზე აიცრან.

„თეორიულად, თვითონ ვირუსი შესაძლოა, მომავალში უფრო აგრესიული გახდეს, თუმცა ჯერჯერობით ამისი ნიშნები არ არის. ზოგადად, ეს ვირუსი თითქმის არ განიცდის ან ძალიან ნელა განიცდის მუტაციას, რაც იმისი გარანტია არა, მაგრამ წინაპირობაა, რომ უფრო აგრესიული შტამები არ გამოჩნდება. სხვა საქმეა, რომ შემოდგომასა და ზამთარში ვირუსის სხვა რესპირაციულ ინფექციებთან, კონკრეტულად გრიპთან ზედდება მოხდება.

როცა დაიწყება გრიპის სეზონი, მოსალოდნელია ამ ორი ინფექციის ზედდება, რაც შექმნის სერიოზულ პრობლემებს. ჯერ ერთი, დიაგნოსტიკისთვის, რადგან ამ ორი დაავადების სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მხოლოდ ლაბორატორიულად შეძლებს ექიმი რომ გაარჩიოს.
მეორე, შესაძლოა, ერთსა და იმავე ადამიანს ერთდროულად  გრიპიცა და „კოვიდიც“ დაემართოს. ეს უკვე სერიოზული დარტყმა იქნება ორგანიზმისთვის. ასეთი პაციენტის მკურნალობა და გადარჩენა იქნებ უფრო ძნელი. ამიტომ, მივმართავ მოსახლეობას, ყველაზე კარგი გამოსავალი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ამ ორი საშიში ინფექციის ზედდება, არის გრიპის ვაქცინაცია,  ვინაიდან „კოვიდის“ ვაქცინა ჯერ არ არსებობს, გრიპის კი არის. ყოველთვის ვუწევდით რეკომენდაციას, რათა მოსახლეობას გაეკეთებინა აცრა გრიპზე. მაგრამ ახლა ვურჩევთ და გაორმაგებული მოტივაციით მივმართავთ მოსახლეობას, წელს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, ყველამ გაიკეთოს გრიპის ვაქცინაცია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპისა და „კოვიდის“ ზედდების შემთხვევები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად