თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ან თავისი შეფასებები დაასაბუთოს ან ბოდიში მოიხადოს!

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანისგან შეფასებების დასაფუთებას ან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი ეჭვს გამოთქვამა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკის სიზუსტის თაობაზე.

თენგიზ ცერცვაძემ “რადიო თავისუფლებას” წერილობით მიაწოდა საკუთარი პოზიცია, სადაც ნათქვამია:

“არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.

ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID-19-ის 723 დადასტურებული შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 5928 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 74 გარდაიცვალა.

ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს” – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის საპასუხო წერილში.

სრული პასუხის ნახვა შეგიძილიათ აქ: თენგიზ ცერცვაძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს: გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში გეპატიჟებით

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად