თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში, ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 121-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 116-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 128-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედებატებში იწვევს.

ა.წ. 12 სექტემბერს ცნობილმა ექიმმა ბატონმა გიორგი კანდელაკმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ნეგატიურად აფასებს ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო  პოლიტიკას და ღონისძიებებს, რის შედეგადაც მისი სიტყვებით „ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები“  – თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისიძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია და ა.შ. რამაც საბოლოოდ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. ბ-ნი გიორგი უსიმპტომო პაციენტების  მკურნალობასთან დაკავშირებით ღია კორუფციის შესაძლებლობასაც კი არ გამორიცხავს.

ბატონი გიორგი ძალიან კარგი ექიმია. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც იტყვიან „Amicus Plato sed magis amica veritas“ – პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. ბ-ნი გიორგის შეფასებები და რეკომენდაციები კი მიმაჩნია, რომ ძალიან შორს არის ჭეშმარიტებიდან და ტენდენციურია, უფრო მეტიც – ისინი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, რამეთუ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი, უნდობლობა და იმის განცდა, რომ ისინი სახელმწიფომ თავისი არასწორი ქმედებებით დარტყმის ქვეშ დააყენა.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო ბ-ნ გიორგის შევხვდეთ ტელედებატებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას – ექიმების და სახელისუფლებლო ვერტიკალის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული საპასუხო ღონისძიებები (პრევენციული, ეპიდემიოლოგიური და სამკურნალო) სინამდვილეში იყო  სწორი და წარმატებული (როგორც ამას მთელი მსოფლიო თვლის), თუ ეს იყო სერიოზული შეცდომა მძიმე შედეგებით (როგორც ამას ბ-ნი გიორგი თვლის). ამას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს იმის გადასაწყვეტად, სწორი გზით მიდის, თუ არა ქვეყანა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბ-ნი გიორგის ცალკეულ კრიტიკულ შეფასებებს, შეუძლებელია ერთ პოსტში ყველაფერს პასუხი გასცე, ამიტომ შევეხები მხოლოდ ძირითადს. ხოლო დანარჩენზე ალბათ ტელედებატებში ვისაუბრებთ.

პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი – ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ის შემთხვევების და განსაკუთრებით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც არანაირ მანიპულირებას და განსხვავებულ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და მსოფლიოს (World meter, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ორივე ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ის 643 შემთხვევა და 5 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში. ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 121-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში116-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 128-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში, 123-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში118-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში, 95-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 26-ჯერ ნაკლები ვიდრე რუსეთში, 22-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 62-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში,  11-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 17-ჯერ ნაკლები ვიდრე თურქეთში, 25-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად