თენგიზ ცერცვაძე: ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ჩვენმა ყველა მეზობელმა დაიწყო ვაქცინაცია

“მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას, მაგრამ მდიდარმა ქვეყნებმა მისცეს თავს ფუფუნება, რომ ლამის ერთი წლით ადრე, წინასწარ შეესყიდათ ვაქცინების სერიოზული რაოდენობა”.

ამის შესახებ „ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა და განმარტა, რომ მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების ნაკლებობაა.

მისი განმარტებით, ვაქცინაცია უკვე დაწყებულია ღარიბ სახელმწიფოებშიც, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აწვდის ვაქცინის გარკვეულ ოდენობას სწორედ იმიტომ, რომ ისინი არიან ღარიბები.

„ხშირად ამბობენ, ღარიბმა ქვეყნებმა დაიწყეს ვაქცინაცია. დიახ, დღეს ვინ ახერხებს ვაქცინაციას? ძალიან მდიდარი ქვეყნები და ძალიან ღარიბი ქვეყნები, ვისაც საერთაშორისო თანამეგობრობა, კოვაქს პლატფორმა და ჯანმო აწვდის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები არიან და არ აქვთ საშუალება ვაქცინა თვითონ შეიძინონ.

ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ე.წ. საშუალო შემოსავლის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ამავე დროს არც ისეთი შეუზღუდავი რესურსები აქვს, რომ ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შემოიტანონ ვაქცინა და ჩვენ არ ვართ მარტო ამ დღეში. დაახლოებით ჩვენი განვითარების დონის ყველა ქვეყანა ასეა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში და ცდილობენ, გააღიზიანონ ისინი, რომ საქართველოს ყველა მეზობელმა დაიწყო ვაქცინაცია.

„ისევ ჩვენი ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მოსახლეობაში და ცდილობენ, გააღიზიანონ ისინი, რომ ჩვენმა ყველა მეზობელმა დაიწყო ვაქცინაცია, ტყუილია. ვაქცინაცია დაიწყო თურქეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ ჩინური ვაქცინით, მას არ აქვს ჯანმოს აღიარება. სომხეთმა და რუსეთმა დაიწყეს რუსული ვაქცინით და ეს კიდევ უფრო მიუღებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოლდოვას და უკრაინას, რომლებიც ჩვენსავით ელოდებიან ევროპულ, ამერიკულ ვაქცინებს, ჯერ ვაქცინაცია არ დაუწყიათ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...