თენგიზ ცერცვაძე: NDI-ის ბოლო გამოკითხვით მოსახლეობის 68% თვლის, რომ ქვეყანა COVID-19-ის პანდემიას კარგად უმკლავდება

NDI-ის ბოლო გამოკითხვით, რომელსაც ხელისუფლებისადმი მიკერძოებას ნამდვილად ვერ დააბრალებ, მოსახლეობის 68% თვლის, რომ ქვეყანა COVID-19-ის პანდემიას კარგად უმკლავდება და მხოლოდ 27% თვლის პირიქით და ეს მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სერიოზული ეკონომიკური და სოციალური სიძნელეებისა, რომელიც სერიოზულ უხერხულობას უქმნის მოსახლეობას. – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

საქართველომ ვაქცინის არქონის და მინიმალური შეზღუდვების პირობებშიც კი მოახერხა COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზება და სადღეისოდ აქვს COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, რამეთუ მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი მატება. სულ უფრო აქტიურად ისმის ლაპარაკი პანდემიის მე-3 ტალღაზე და რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს ან აპირებენ მიიღონ გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების და მორიგი ლოქდაუნების გამოცხადების თაობაზე, რაც ძალიან მტკივნეული იქნება მოსახლეობისათვის. ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია (ჯერ მხოლოდ ტენდენცია) ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური.

მიღწეულის შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად აუცილებელია მოსახლეობამ უარი სთქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკლებლივ ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ამით ჩვენ შევძლებთ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, ეკონომიკის აღმავლობას და თავიდან ავიცილოთ ის მტკივნეული პროცესები, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ ბოლო 1 წლის მანძილზე.

გვჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს.  ” – წერს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...