თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი“ არ განაახლოს

“ეპიდსიტუაცია ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, აღინიშნებოდა ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა, ზოგიერთი ნატხომისებურ ზრდაზეც მეტყველებდა. დღეს შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია, მაგრამ მაინც მაღალ დონეზეა. ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 1300-დან 1800-მდე, რაც ძალიან მაღალია”.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ დღეს ხელახლა „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ განიხილება.

„ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, გაუქმებულია ყველა შეზღუდვა. ის რეგულაციები, რომელიც დარჩენილია – პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, სათანადოდ არ სრულდება. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ზრდის მცდელობისკენ, ბიზნესის გაცოცხლებისკენ, იმისთვის, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციაზე უარი ვთქვათ. პირიქით – მკაცრი შეზღუდვების არარსებობის პირობებში, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც დარჩა – ეს არის პირბადის ტარება დახურულ სივრცესა და ხალხმრავალი შეკრებების ადგილზე და ამ ხალხმრავალი შეკრებებისგან მაქსიმალური თავის არიდება.

ძალიან ბევრს აინტერესებს რა ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო, ხომ არ აპირებს ისევ შეზღუდვების განახლებას, ან „ლოკდაუნის“ გამოცხადებას, – არა. შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი“ არ განაახლოს, რადგან, როგორც იქნა ქვეყანამ ამოისუნთქა, აღინიშნება საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფრის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისა და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა გაზრდილი მობილობის პირობებშიც, ჯერჯერობით არ გეგმავს შეზღუდვებს და „ლოკდაუნებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები
იტვირთება...