თენგიზ ცერცვაძე ჯაფარიძეზე: შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა პასუხს?! ის პასუხს არაფერზე აგებს

“ზურაბ ჯაფარიძეს, რომ კითხვა დაუსვან – ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს.”

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზუდვების მოხსნას ეხება.

„ბატონი ზურაბის პიროვნების ექსტრაორდინალურობა ყველასათვის ცნობილია. ის ამას ამბობს, იმიტომ, რომ არაფერზე არ აგებს პასუხს. მას რომ ეკისროს პასუხისმგებლობა თავის განცხადებაზე, მოიხსნას ყველა შეზღუდვა, რასაც აანონსებს, რომ შეზღუდვების მოსახსნელად სათავეში ჩაუდგება, ამის მერე მას რომ კითხვა დაუსვან – ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების არსებობა არავის ეხალისება.

„მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს. 1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე. დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ და მოვახდინოთ დაბალანსება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს მასშტაბური აქციის გამართვას აპირებს როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების, არამედ ზოგადად ქვეყნის გახსნის მოთხოვნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად