თენგიზ ცერცვაძე: ჯანმო-ს ჯილდო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, მხოლოდ საქართელოს აქვს, უდიდესი აღიარებაა

მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ შიდსის შესახებ ცნობები ქვეყანაში არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან თურმე “დიად საბჭოთა კავშირში შიდსი არ არსებობდა”, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მოახერხა და საბჭოეთს “გამოსტყუა” ნებართვა ამ დაავადების შესახებ კვლევების ჩასატარებლად…

მოგვიანებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევების წყალობით გახდა შესაძლებელი ამ დაავადების დროული პროფილაქტიკა. როდესაც აღმოჩნდა, რომ შიდსი საბჭოთა კავშირშიც ისევე არსებობდა, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოს უკვე სერიოზული ნაშრომები ჰქონდა დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

საქართველოს მაშინდელი შიდსის სამსახურის დამსახურება გახლდათ ის, რომ არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად ევროპაში, თავიდან ავიცილეთ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.

ამაზე, უფრო დეტალურად, ქვეყნის მთავარ ინფექციონისტთან ვრცელ ინტერვიუში მოგახსენებთ, მანამდე კი იმ ჯილდოს შესახებ მინდა მოგითხროთ, რომლის შესახებ, შესაძლოა, ბევრს გაგონილიც არ გვქონდა…

 თენგიზ ცერცვაძე: არამარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, მთლიანად ევროპასა და მსოფლიოში, სწორედ ჩვენი შიდსის სამსახურის დამსახურებაა ის, რომ საქართველო არის იმ ძალიან მცირე ქვეყნების რიცხვში, ვინც შეძლო თავიდან აეცილებინა შიდსის მსხვილი, ფართომასშტაბიანი ეპიდემია. აქედან გამომდინარე,  თავიდან ავიცილეთ უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი.

თქვენ რომ გადახედოთ, მსოფლიოში, ევროპაში თუნდაც რუსეთში, უკრაინაში, რა ხდება ამ მხრივ, ნახავთ რომ საქართველო მათთან შედარებით არის დიდი გამონაკლისი, ოაზისი.

სწორედ ამ წარმატებების აღსანიშნავად, პირველ რიგში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, აგრეთვე სხვა ინფექციურ დაავადებებთან გაწეული ეფექტური ბრძოლისთვის, ჩვენ გადმოგვცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, ეს არის დოქტორ ლის პრემია! უფრო მაღალი ჯილდო, საერთაშორიო ორგანიზაციაში არ არსებობს.

დოქტორი ლი იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადრე და თავისი ყოფილი დირექტორის პატივსაცემად დაარქვეს დოქტორ ლის პრემია.

ეს იყო  ფაქტობრივად უდიდესი აღიარება…

ძალიან დიდი აღიარება იყო. გააჩნია ჯილდოებს. ჯილდოები ბევრი გვაქვს, მაგრამ ეს არის ჯილდო, რომელიც გადაეცემა წელიწადში ერთხელ, ერთ დაწესებულებას ან ერთ ადამიანს.

ჯერჯერობით, საქართველოს გარდა, ასეთი ჯილდო არ აქვს მიღებული აღმოსავლეთი ევროპის არცერთი ქვეყნის სხვა სამედიცინო დაწესებულებას, საუბარია არა მხოლოდ ინფექციური პროფილის დაწესებულებაზე,  ონკოლოგიურზეც და კარდეოლოგიურზეც. ეს არის დოქტორ ლის პრემია, ეს ჯილდო ჩვენ გადმოგვცა ჯანმო-ს მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარგარეტ ჩანმა…

როდის მოხდა ეს ამბავი და სად გადმოგეცათ ჯილდო?

ეს მოხდა ჟენევაში, 2009 წლის 21 მაისს. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბელის სხდომაზე. ჟენევის, გაეროს ცნობილ სასახლეში. ამ ასამბლეის სხდომას 200-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც. იქ გადმოგვცეს ეს მაღალი ჯილდო. შემდეგ, საღამოს ჯანმო-ს ხელმძღვანელობამ გამართა სადილი, მიღება, საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, ამ ჯილდოსთან დაკავშირებით.

შიდსის და სხვა ინფექციური  დაავადებების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადმოგვეცა ეს ჯილდო. ამაზე დიდი აღიარება არ არსებობს. როგორც გითხარით, არა თუ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას არ აქვს მიღებული ასეთი ჯილდო.

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად